აშშ-ის სენატში ინიცირებულია კანონპროექტი პუტინისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აშშ-ის სენატს განსახილველად წარედგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისიწინებს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ბოროტი განზრახვით მოქმედებებისთვის. კანონპროექტის ინიციატორები არიან დემოკრატი სენატორი კრის კუნსი და რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აშშ სანქციებს დაუწესებს რუს ჩინოვნიკებს, რომლებიც უხეშად არღვევენ საერთაშორისო სამართალს. მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის და დაპატიმრების გამო. დოკუმენტის თანახმად, კანონპროექტის მიღებიდან სამ თვეში, აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიშები, კონკრეტულად რომელი რუსი ჩინოვნიკები მონაწილეობდნენ ნავალნის მოწამვლასა და გასამართლებაში და როგორია პრეზიდენტ პუტინის და მისი გარემოცვის პირადი ქონება. ასევე, ანგარიშები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის და რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის აკრძალვის კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე. სენატორ რუბიოს განცხადებით, ის მხარს უჭერს რუს ხალხს და მიიჩნევს, პუტინს და მის თავზეხელაღებულ გარემოცვას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს კორუფციისა და მოწინააღმდეგეთა დევნის გამო. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც გასული წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, 18 იანვარს კი, 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს. 2 თებერვალს, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში. სასამართლომ განაჩენი გამოიტანა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიმართვის საფუძველზე, რომლის მიხედვით, ნავალნიმ დაარღვია პირობითი სასჯელით დაკისრებული ვალდებულებები. 2 თებერვალს, სასამართლოს სხდომაზე გამოსვლისას ალექსეი ნავალნიმ მის მოწამვლასა და პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლებრივ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პირადად პრეზიდენტი პუტინი. გასული ათი დღის განმავლობაში, პოლიციამ და ეროვნულმა გვარდიამ რუსეთის ქალაქებში არაერთხელ დაარბიეს ნავალნის მხარდამჭერთა აქციები და 10 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.  ალექსი ნავალნის მხარდამჭერთა საპროტესტო გამოსვლების გამო, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის არაერთი საქმე აღძრა პოლიციის მიმართ ძალადობის, ხულიგნობის, მასობრივი არეულობებისკენ მოწოდების, უკანონო საქმიანობაში არასრულწლოვანთა ჩართვის, სანიტარიული წესების დარღვევის და სხვა მუხლებით. ალექსეი ნავალნის "კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა" 19 იანვარს გამოაქვეყნა გამოძიების შედეგად მომზადებული დოკუმენტური ფილმი "პუტინის სასახლე", რომელიც ეხება რუსეთის პრეზიდენტის და მისი უახლოესი გარემოცვის კორუფციულ სქემებს და გელენჯიკთან მდებარე სასახლის მშენებლობას. https://www.radiotavisupleba.ge/a/31085325.html #ახალი_ამბები #twitter