აფშილები, აბაზები, ბაგრატიონები - აფხაზეთის ისტორია და ტერიტორიის დაკარგვის მიზეზები.

0
ქართველების და აფხაზების დაპირისპირება, ჯერ კიდევ VI საუკუნის დამდეგიდან დაიწყო, მაშინ, როცა აფხაზები იგივე აბაზგები, რომლებიც აფშილების ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ განუდგნენ ეგრისის მეფეს და თავი ბიზანტიის ქვეშევრდომად გამოაცხადეს და ბიჭვინთასა და ცხუმში ბიზანტიელი მეციხოვნეები ჩადგნენ. აბაზგების საქციელით უკმაყოფილო აფშილეთის მმართველმა იარანელები შემოიყვანა თავის ტერიტორიაზე, თუმცა, აბაზგთა მმართველიც არ ყოფილა გულხელდაკრეფილი და აფშილეთში ბიზანტიელთა რაზმი გაგზავნა. რის შემდეგაც, აფშილები უბრძოლველად დანებდნენ და ისინი ლაზთა მეფეს დაემორჩილნენ. ამრიგად, აფხაზებმა ტომებმა შექმნეს სახელმწიფო, რომელსაც აფხაზეთი ეწოდა. მისი ტერიტორია გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დაახლოებით ჭოროხამდე, აღმოსავლეთით კი, ლიხის ქედამდე. აფხაზეთის სამეფოს მოსახლეობის უმრავლესობა ქართველები (ქართები, მეგრელები, სვანები) იყვნენ. მნიშვნელოვან წილს წარმოადგენდნენ აფხაზები და კავკასიის სხვა ხალხები. სახელმწიფო და მოსახლეობის დიდი ნაწილის სალაპარაკო ენა ქართული იყო. სამეფოს დედაქალაქი გახდა ქუთაისი - დასავლეთ საქართველოს ცენტრი. 978 წელს ადგილობრივმა აფხაზურმა დინასტიამ არსებობა შეწყვიტა და აფხაზეთის სამეფო ტახტზე აიყვანეს ბაგრატ III ბაგრატიონი, რომელიც დედის მხრიდან აფხაზთა მეფის შთამომავალი იყო. ეს არ იყო დინასტიის უბრალო შეცვლა, ტახტზე ავიდა მეფე, რომელსაც ლეგიტიმური უფლება ჰქონდა მთელ ქართლზე. აფხაზეთის მეფეები კი ამ ტახტზე “არაკანონიერ” მემკვიდრეებად ითვლებოდნენ. ასე რომ, თუ ისტორიულ წყაროებს მივყვებით, დამოუკიდებელი აფხაზები ჯერ ტომებს წარმოადგენდნენ, რომლებიც თვითონ წყვეტდნენ, ვისთან ჰქონოდათ კავშირი და ვისი ქვეშევრდომები ყოფილიყვნენ, ხოლო შემდეგ სახელმწიფოს ჩამოყალიბებაც შესძლეს. აფხაზთა სამეფო ტახტზე ბაგრატოვანთა გვარის გამეფება, სწორედ რომ გვაფიქრობინებს იმას, რომ ქართლის დინასტიას სურდა აფხაზეთის დამორჩილება და გაამეფეს კიდეც თავიანთი გვარის მეფე. თუმცა, ის, რომ ბაგრატ III-ს დედა აფხაზი ჰყავდა ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ქართვლელები მაინც სიფრთხილით მოეპყრნენ ახლად შექმნილ, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებენ სამეფოს და ამიტომაც მუსირებდა სიტყვა „აფხაზი დედა“... XVI საუკუნეში კვლავ განახლდა ქართველთა და აფხაზა დაპირისპირება, ოღონდ ამჯერად აფხაზური გვარები არ დომინირებს განხეთქილების გამომწვევთა სიაში. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბუნტის წარმომშობნი ფეოდალი შერვაშიძეები იყვნენ და მათი გვარიდან გამომდინარე, ისინი ქართული წარმომავლობის დიდებულები გახლდნენ, რომლებიც დასახლდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და გავლენებიც მოიპოვეს, სავარაუდოდ და ფაქტებიდან გამომდინარე, გვაქვს საქმე იმასთან, რომ დაპირისპირება ქართველების დაწყებული იყო. ფეოდალმა შერვაშიძეებმა შესძლეს შეექმნათ აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავრო და ამავე დროს ცდილობდნენ გაეფართოებინათ მისი საზღვრები. მათი მცდელობის შედეგად, XVII საუკუნის მიწურულს აფხაზეთის საზღვარი მდინარე ენგურამდე გადასწიეს. ამ ხანიდან მოყოლებული აფხაზეთის სამეფო მუდამ დამოუკიდებლობისაკენ მიისწრავოდა. თუმცა, მისი არსებობა ყოველთვის წარმოადგენდა პოლიტიკურ პრობლემას. სწორედ ამიტომ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება მუდამ იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ტერიტორია „ნაღმს“ წარმოადგენდა, რომლის დასაკუთრებასაც საქართველოსთან ერთად რუსეთი და თურქეთი ცდილობდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკური ხელისუფლება ყველგან თავის კვალს ტოვებდა და ვინაიდან საქართველო დიდი რუსეთის ქვეშევრდომობის ქვეშ მოექცა, ამიტომ აფხაზთა სახელმწიფო საქართველოს მიეკუთვნა. თუმცა, რუსეთმა „დამოუკიდებლობის“ შანსი დაუტოვა აფხაზებს და მისი ტერიტორია ავტონომიურ რესპუბლიკად გამოაცხადა. ამით რუსეთმა შექმნა საქართველოსთან მანიპულირების ბერკეტი. 1989 წელს დაწყებული ეროვნული მოძრაობის მთავარმა ლიდერმა ვერ გაითვალისწინა ის ნაღმი, რაც რუსეთმა ჩადო აფხაზეთში და სწორედ ამ გაუთვალისწინებლობას ემსხვერპლა საქართველოს რუკის დასავლეთის ნაწილის საკმაოდ დიდი და ნოყიერი ტერიტორია. როგორც კი საქართველომ დამოუკიდებლობის აქტის შექმნა შეძლო და ზარ-ზეიმით აღნიშნავდა ამ ფაქტს საქართველოს ეროვნული საბჭო, აფხაზეთში რუსეთმა ნაღმი აამოქმედა და მისი მოქმედების და განკარგვის უფლება ვლადისლავ არძინბას გადასცა. არძინბამ თავის მხრივაც შეკრიბა აფხაზთა ეროვნული საბჭო და საქართველოს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. მითუმეტეს, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და ეს რუსეთის და აფხაზების განზრახვას ხელს უწყობდა. ამავე დროს, აფხაზების მომხრეები გახდნენ ჩეჩნები და სომხები. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მცირეხნიანი მმართველობის დამხობის შემდეგ, სამოქალაქო ომით დაუძლურებულმა ქართველობამ მაინც მიიღო მონაწილეობა აფხაზებთან ბრძოლაში, მაგრამ ჯარისკაცების ძირითად ნაწილს მოხალისეები წარმოადგენდნენ. 300 000 ქართველი გამოყარეს აფხაზებმა თავიანთი ტერიტორიიდან და უგზო-უკვლოდ გაუყენეს გზას... ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე დაიღუპა ათი ათასობით ქართველი... მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების დღიდან საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსვლა მეორე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მოასწრო და მიუხედავად იმისა, რომ ნომერ მეორე პრეზიდენტი სწორედ რუსეთის მიერ იყო შემოგზავნილი საქართველოში და ასევე მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძეს უდიდესი პოლიტიკური კავშირები ჰქონდა მთელი მსოფლიოს პოლიტიკურ სპექტრთან და მას შეეძლო შეენარჩუნებია აფხაზეთი, საქართველომ ის მაინც დაკარგა და დაკარგა სწორედ ორი პრეზიდენტის გამო... პირველმა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ვერ გაითვალისწინა მოსალოდნელი საფრთხე, ხოლო მეორემ უბრალოდ, ხელიდან-ხელში გადასცა იგი ოკუპანტ დამპყრობელს... დაუწერელი კანონია ის, რომ ერთ დღეს ყველა მმართველის მმართველობა მთავრდება და ორი პრეზიდენტის შემდეგ საქართველოს უკვე მეოთხე ხელმძღვანელი ჰყავს. შესაბამისად, ჰყავს მეოთხე ხელისუფლება. მესამე და მეოთხე ხელისუფალნი, სათავეში მოსვლამდე, საარჩევნო დაპირებების დავთარში, აფხაზეთის უეჭველ დაბრუნებას სთავაზობდა საქართველოს მოსახლეობას. ამ დაპირებების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აფხაზეთიდან დევნილი 300 000 ქართველი და მათი წლობის განმავლობაში გამრავლებული შთამომავლები არჩევნებზე ხმას ლიდერ პარტიას აძლევენ, რომელსაც უკვე უჩანს არამარტო ლიდერის პოზიცია, არამედ, დიდი ფული საარჩევნო ასპარეზზე... რა ხდება ოთხი ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ?! დაიწყო თუ არა თუნდაც მოლაპარაკებები დაპირისპირებულ მხარესთან?! არ მოიპოვება არც ღია ფაქტი და არც დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ საქმე თუნდაც მოლაპარაკებებამდე მისულიყო... ამასობაში კი აფხაზეთი ჩაიკეტა, არა მხოლოდ ტერიტორიულ ერთეულად, არამედ, ორ მხარეს შორის საზოგადოების კომუნიკაციის გათიშვა მოხდა. ქართველ ჟურნალისტებს არ აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის უფლება, აი, აფხაზ ჟურნალისტებს კი სურვილიც არ გააჩნიათ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლის და კოლეგებთან კომუნიკაციის. რატომ? შიში, რომელიც რუსულმა ჩექმამ ჩანერგა აფხაზეთის მოსახლეობაში, ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში, ისევ მძვინვარებს... ვინ უნდა მოაგვაროს, ან ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი შერიგებისაკენ?! ფაქტია, რომ ხელისუფლება არ იწუხებს თავს, ან ვერ გამონახა ვერანაირი ბერკეტი და დიპლომატიური საშუალება მთელი მსოფლიოს მასშტაბებით, რომ დაუპირისპირდეს რუსეთს და მოლაპარაკებისკენ მოუწოდოს აფხაზეთის ხელისუფლებას. ჟურნალისტებისათვის ეს შეუძლებელია და ესეც საქართველოს ხელისუფლების უუნარობის გამო. მაშ, ვინ უნდა იყოს ინიციატორი?! არა კბილი -კბილის წილ, არამედ, მეორე ლოყის მიშვერის და გიყვარდეს მტერი შენის პრინციპით... ერთადერთი და მშვიდობიანი გადაწყვეტილება, მხოლოდ ხალხის საკუთრებაა. თუ ქართველები და აფხაზები შეძლებენ ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტვის პატიებას, მაშინ არსებობს იმის ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიულ რუკაზე ისევ მის შემადგენლობაში აღმოჩნდება, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ იგი ავტონომიის სტატუსს არ დაკარგავს, რომელიც მას დამოუკიდებლობის სტატუსს შეუნარჩუნებს, რაც საშუალებას არ მისცემს სეპარატიზმის კვლავ გაღვივებას და ორივე მხარის ხელისუფლება შეძლებს ხალხის მიერ მონაპოვარის შენარჩუნებას. წყარო: რადიო თავისუფლება ავტორი: თამუნა თაბუკაშვილი
#აფხაზეთი
#აბაზგები
#აფშილები
#ტერიტორიები
#sokhumidaily
0