ქალი პოლიტიკოსების პირადი კადრებით შანტაჟი გასაკუთრებით შემაშფოთებელია – ISFED
Pirveliradio Ge
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
ISFED-ის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიშის მიხედვით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პირადი ცხოვრებით შანტაჟის შემთხვევები ქალი პოლიტიკოსების მიმართ.
"განსაკუთრებით შემაშფოთებელია, პირადი ცხოვრებით შანტაჟის შემთხვევები ქალი პოლიტიკოსების მიმართ. ზუგდიდში, „ლელოს“ წევრ ქალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია, ფეისბუქზე საჯაროდ დაემუქრა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გამოქვეყნებით. პარტიის წარმომადგენლების თქმით, ,,ლელოს’’ წევრებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი მანკიერ პრაქტიკად იქცა.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაავრცელა ინფორმაცია მისი გუნდის წევრი ქალის მიმართ განხორციელებული პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ. იგი თანაგუნდელის ვინაობის შესახებ მისი პერსონალური ინფორმაციის დაცვის გამო არ საუბრობს. ქალი ოპოზიციონერების მიმართ ამგვარი შანტაჟის შემთხვევათა გამოძიება და დამნაშავეთა ადეკვატურად დასჯა საგამოძიებო ორგანოთა პრიორიტეტი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მხარდაჭერის განცხადებები ფორმალურ, უშინაარსო ლოზუნგებად დარჩება." – ნათქვამია ანგარიშში.