თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე FBI-მ უარი თქვა

Tbilisi Daily

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI არ ჩაერთვება. ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გენერალურ პროკურორთან შეხვედირს შემდეგ განაცხადა. „როგორც გენერალურმა პროკურორმა თქვა, იყო FBI- ს ჩართვის საკითხზე საუბარი და პოზიციების გაცვლა. FBI აცხადებს, რომ არ არის მათი კომპეტენცია ჩაერთოს გამოძიებაში სხვა ქვეყანაში. შესაბამისად, ამ ეტაპზე, როგორც მე მითხრეს, FBI-ს ეს მზაობა არ აქვს. თუმცა როგორც გენერალური პროკურორი აცხადებს, მათ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აქვთ მიმართული “ფეისბუქისთვის” და “გუგლისთვის”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.ცნობისთვის, ბაჩალიაშვილის ოჯახი ითხოვდა, რომ საქმეში BFI ჩართულიყო. ეს მოთხოვნა მათ გამოძიების დაწყებიდანვე ჰქონდათ. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.