„პატრიოტთა ალიანსის" ანტი-თურქული Facebook რეკლამებზე ISFED-მა ცესკოს მიმართა

Pirveliradio Ge

სამართლიანმა არჩევნებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა განცხადებით, შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი "პატრიოტთა ალიანსის" მიმართ და წარუდგინოს ის სასამართლოს. საქმე ეხება პატრიოტთა ალიანსის Facebook გვერდზე განთავსებულ 6 საარჩევნო კლიპსსა და მათი გამოყენებით შექმნილ Facebook რეკლამებს, რომლებიც შეიცავს ანტი-თურქულ მოწოდებებს, მიზნად ისახავს თურქეთის სახელმწიფოს მიმართ საქართველოს მოქალაქეებში მტრული განწყობების ჩამოყალიბებას, ასევე შეიცავს რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს. "თითოეული რეკლამის საფასური 100-დან 200 დოლარამდე მერყეობს, ხოლო თითოეული რეკლამის გავრცელების პოტენციური მასშტაბი საარჩევნო ასაკის მილიონზე მეტ Facebook მომხმარებელს მოიცავს. თითოეულ პოლიტიკურ რეკლამას წარწერის სახით ახლავს მოწოდება - 'დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო', ხოლო პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი, შემდეგი მოწოდებით გამოდის: „დაიცავი შენი წილი საქართველო. შენ ეს შეგიძლია. ვიმოქმედოთ, ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს. საგულისხმოა, რომ 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, პატრიოტთა ალიანსმა, ბათუმი-სარფის მაგისტრალზე განათავსა სარეკლამო ბანერი, სადაც პარტიის დასახელების, მისი ლიდერების და საარჩევნო ნომრის გვერდით, გამოსახული იყო საქართველოს რუკა, რომელზეც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიად, ასევე, მონიშნული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია, ხოლო ოკუპანტად მითითებული იყო თურქეთი, რაც მიუთითებს პარტიის განზრახვაზე, პროვოკაციული ფორმით საქართველოსთვის რუსეთის თანაბარ მტრად წარმოაჩინოს თურქეთი და გააღვივოს მტრული განწყობები ამ უკანასკნელის მიმართ", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.