გიორგი რუხაძე: დღეს ჩვენ ვართ ავტორიტარიზმის ზღვარზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

"სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" ხელმძღვანელის, გიორგი რუხაძის შეფასებით, საქართველო დღეს დგას ავტორიტარიზმის ზღვარზე და მას ისეთი ქვეყნებისგან, როგორებიცაა რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი ან ბელარუსი კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო სექტორის არსებობა განასხვავებს. „ანუ სურათს, დიდ სურათს რომ შეხედოთ-ერთპარტიული პარლამენტი ჰყავს საქართველოს, ოპოზიციის ლიდერი არის ციხეში, რა მნიშვნელობა აქვს რატომ არის და პროკურატურა და სასამართლო არის სრულად ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. აი, ეს არის კლასიკური ავტორიტარიზმი და რომ არა თავისუფალი და კრიტიკული მედია და რომ არა შედარებით ძლიერი სამოქალაქო სექტორი, რომელიც მედიის გარეშე ვერაფერს ვერ იზამს, ჩვენ ვიქნებოდით ბელარუსი. აი აქა ვართ ეხლა, აი ამ ზღვარზე ვართ და მერწმუნეთ, თუ ხელისუფლებამ მოინელა ეს ყველაფერი, თუ საზოგადოებამ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მისცა საშუალება რომ მან ამ გზაზე სიარული გააგრძელოს, შემდეგი ნაბიჯი აუცილებლად იქნება კრიტიკული მედია.გააკოტრებენ ტელევიზიებს, დაიჭერენ სხვა ადამიანებს და საქართველო მართლაც ჩასცდება იმ ზღვარს, გაცდება იმ მობრუნების წერტილს, საიდანაც ჯერ კიდევ შესაძლებელია დემოკრატიულ სივრცეში შემობრუნება“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“. მისი თქმით, კრიზისს, რომელშიც ქვეყანა იმყოფება სხვა კრიზისებისგან განასხვავებს ის, რომ ხელისუფლება არ არის ადეკვატური: „ხელისუფლება ფაქტობრივად არ არსებობს, ერთ მდიდარ კაცზე არის დამოკიდებული ეს ყველაფერი და როგორც ის წყვეტს, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ისე იქცევა მერე მთელი სისტემა. შესაბამისად საქმე გვაქვს ძალიან სახიფათო ზღვართან, რომელთანაც მისულები ვართ“, - აღნიშნა გიორგი რუხაძემ. 23 თებერვალს, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. შენობაში მყოფთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 21 პირი. სამედიცინო დახმარება დასჭირდა 17-ს. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება. საპოლიციო ძალები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მეორე დილას. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს. ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა 18 თებერვალს გადამდგარი გიორგი გახარია, რომელმაც გადადგომის მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა. გიორგი გახარიას გადადგომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ „ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო - 40 000 ლარი. მან თანხის გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით. მანამდე პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მიმართვა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. საქართველოს სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო. ნიკა მელიას დაპატიმრებას და სპეცოპერაციას, რომელიც ამ დაპატიმრებისთვის განხორციელდა, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მწვავე შეფასებები მოჰყვა.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31121052.html #ახალი_ამბები #twitter