ყულევში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

Zugdidi Daily

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიას, კონკრეტულად კი ჭურიას შორის გვიან ღამით ხანძარი იყო. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში, ნავთობ ტერმინალის, სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი სარკინიგზო მაგისტრალის მიმდებარედ ხანძარი იყო. ცეცხლი ეკალ-ბარდს და შერეული ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე გამოცხადდა 9 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა - 60 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. პროცესში, ასევე, ჩაერთო რკინიგზის სახანძრო-სარკინიგზო შემადგენლობა.“ - ვკითხულობთ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ფეისბუქ გვერდზე. ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ყულევში იმყოფებოდნენ და სამუშაოებს ადგილზე ხელმძღვანელობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, მისი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #zugdididaily #ახალიამბები #ხანძარი #სეგრელო ფოტო: რადიო ათინათი