მოახდენს თუ არა გავლენას მიწის რეგისტრაცია სოციალურ დაუცველი ოჯახების სარეიტინგო ქულაზე?

Tbilisi Daily

გადაცემის „ბიზნესი იმედზე“ ინფორმაციით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით ათობით სოფელში იგეგმება. რადგან ყველაზე მეტი დაურეგისტრირებელი მიწის ფართობი და ნაკვეთების რაოდენობა მაღალმთიან რეგიონებში იყო, სისტემური რეგისტრაციისთვის შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები შეირჩა: მბროლაურის მუნიციპალიტეტი (ხვანჭკარა და ჭრებალო); ონის მუნიციპალიტეტი (ღები და გომი); ლენტეხის მუნიციპალიტეტი (ჟახუნდარი და ჩიხარეში) და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (დაბა გომის მთის დასახლება). როგორც „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერი, ელენე გრიგოლია აცხადებს, მსოფლიო ბანკმა დადებითად შეაფასა მეორე და მესამე მიდგომა. „ეს გულისხმობს მხოლოდ კერძო კომპანიების ჩართულობას მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვა-აზომვის ფარგლებში. რა დროსაც საჯარო რეესტრი მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს განახორციელებს ISO სტანდარტის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ სისტემური და სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, 2021 იანვრამდე, მიწის რეგისტრაცია არ მოახდენს გავლენას იმ ოჯახების სარეიტინგო ქულაზე, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას“, - აცხადებს ელენე გრიგოლია. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, 2016 წელს 12 საპილოტო არეალზე საკუთრების უფლება 43 ათასზე მეტ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომა და დარეგისტრირდა კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები; საპილოტო პროექტის გამოცდილებაზე დაყრდნობით, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, შეიქმნა მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამა. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საჯარო რეესტრი შეძლებს, სისტემური წესით, 100 ათასი ჰექტარი ფართობი მიწის ნაკვეთი დაარეგისტრიროს. ამ დროისთვის საქართველოში ოკუპირებული რეგიონების გამოკლებით მიწის 2/3 დარეგისტრირებული, 1/3 კი აღურიცხავია. რეფორმის ამოქმედების შემდეგ, რეგისტრაციის მოთხოვნით მოქალაქეთა მიმართვიანობა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საშუალოდ, ხუთჯერ გაიზარდა, ხოლო მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ტემპი - სამჯერ. 2024 წლისთვის ქვეყნის გეოგრაფიული ტერიტორია კადასტრით სრულად დაიფარება. news მიწის რეგისტრაციასოციალურად დაუცველებიქულების რეიტინგიTbilisi Dailynewsdaily