უნდა ვისწავლოთ ახალ კორონავირუსთან თანაარსებობა - მაია ცქიტიშვილი
Tbilisi Daily
ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა BBC-ის რადიოს გადაცემა NEWSDAY -ს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატების მიზეზი ადრეული და გადამწყვეტი ქმედებებია. მისი თქმით, მთავრობამ ზედმიწევნით გაითვალისწინა ჯანდაცვის სპეციალისტებისა და ეპიდემიოლოგების რჩევები და რეკომენდაციები - 22 იანვრიდან მკაცრი წესები განისაზღვრა ქვეყანაში ყველა ჩამომსვლელის თერმოსკრინინგისთვის და ცხელ წერტილებად მიჩნეული ქვეყნებიდან ჩამოფრენილი მგზავრების შემოწმებისთვის.
„თავიდანვე ძალიან კარგი კომუნიკაცია გვქონდა. გვესმოდა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვება მხოლოდ მოსახლეობის მხარდაჭერით შეიძლება. არცერთ მთავრობას ძალუძს ამ გამოწვევის მარტო მოგვარება და ქვეყნის მოქალაქეებთან თავიდანვე მკაფიო კომუნიკაციას ვაწარმოებდით. მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და განვაცხადო, რომ ჩვენი მოსახლეობა პასუხისმგებლობით მოეკიდა საკითხს“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით BBC-ის რადიოს შეკითხვის საპასუხოდ ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ეკონომიკური საქმიანობის განახლების გეგმაზე უკვე მუშაობს, თუმცა ვაქცინის ან მედიკამენტის არსებობამდე შესაბამისი ნაბიჯები სიფრთხილით უნდა გადაიდგას.
„უპირველეს ყოვლისა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შეზღუდვების შემსუბუქებისას, რადგან ძალიან დიდი ცდუნება ჩნდება ინფიცირების მაჩვენებლების კლების ფონზე. ფრთხილად უნდა ვიყოთ და ზედმიწევნით დავიცვათ სოციალური დისტანცირების წესები. მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა გააცნობიეროს ვირუსთან ადაპტაციის აუცილებლობა სანამ ვაქცინა ან წამალი იარსებებს.
უნდა ვისწავლოთ ახალ კორონავირუსთან თანაარსებობა. უკვე დავიწყეთ ეკონომიკური საქმიანობის განახლების გეგმაზე მუშაობა. ის გულისხმობს ზოგიერთი, დაბალი რისკის მქონე ეკონომიკური სუბიექტების ეტაპობრივ გახსნას. ტესტირებაც ძალიან მნიშვნელოვან და ქმედით ინსტრუმენტად დარჩება ვირუსის გავრცელების კონტროლის საქმეში, თუმცა სოციალური დისტანცირების ზომები ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
#მაიაცქიტიშვილი
#bbc
#მთავრობა
#კორონავირუსი
#tbilisidaily