აზერბაიჯანი 16 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ იუწყება

Tbilisi Daily

სომხეთის მიერ აზერბაიჯანის რეგიონების დაბომბვის შედეგად 16 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 55 დაშავდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ინფორმაციას ოფიციალურ Facebook გვერდზე აქვეყნებს. „აზერბაიჯანის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიების მძიმე საარტილერიო დაბომბვის შედეგად, 55 მშვიდობიანი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 16 ადამიანი დაიღუპა“, – ნათქვამია განცხადებაში. უწყება ასევე აცხადებს, რომ სომეხი სამხედროები რეგიონული და სოფლის ცენტრების, საავადმყოფოების, სკოლების, საბავშვო ბაღების, აგრეთვე სახელმწიფო ადმინისტრაციული შენობების ინტენსიურ საარტილერიო დაბომბვას განაგრძობენ.აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 163 სახლი და 36 სამოქალაქო ობიექტი სერიოზულად დაზიანდა. ხელისუფლება კი მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რომ სომხეთის სამხედრო მოსამსახურეებმა პასუხი აგონ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. გუშინ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე მიმართულებით მასშტაბური შეტევა დაიწყო.