ჯორჯ კენტი რუსეთს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142953
სამწუხაროა, რომ ჩინეთი იმეორებს რუსეთის ამ გზავნილებს და გააძლიერა რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია, რომლიც მიმართულია იმ ლაბორატორიების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან ამ ქვეყნებს „კოვიდ-19“-თან გამკლავებაში – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტმა, მარშალის ფონდის მიერ გამართულ ვიდეოკონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.
„აშშ-ის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში წლების წინ დაბანდებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტიაცია უკავშირდება სადიაგნოსტიკო ლაბორატორიების ინფრასტრუქტურას, რათა საშიში დაავადებების გამოვლენა მოხერხდეს. მათ ადგილზე უკეთ იცნობენ, როგორც ლუგარის ლაბორატორიებს, რადგან საქართველოში ამ ლაბორატორიას ყოფილი ამერიკელი სენატორის სახელი უწოდეს. ახლა თუ გადახედავთ ამ ქვეყნებს და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთს, უკრაინას, აზერბაიჯანს, იმ ლაბორატორიებს, სადაც ატარებენ ტესტირებას და ხდება „კოვიდ-19“-ის გამოვლენა, ნახავთ, რომ ეს ინფრასტრუქტურა 10 წლის წინ აშენდა აშშ-ის დაფინანსებით“,- განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
მისივე თქმით, „სამწუხაროდ იმ პირობებშიც კი, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს საერთაშორისო თანამშრომლობას, რუსეთის ტრადიციული დეზინფორმაციული კამპანია ლუგარის ლაბორატორიების წინააღმდეგ არ შეჩერებულა“.
„მეტიც, ის გრძელდება და ფართოვდება. ეს დეზინფორმაციული კამპანია უკვე ეხება სომხეთსა და უკრაინაში მდებარე ლაბორატორიებს. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის პოლიტიკური მარიონეტები და კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია ამ ტყუილების გავრცელებას აგრძელებს. ასევე სამწუხაროა, რომ ჩინეთი იმეორებს რუსეთის ამ გზავნილებს და გააძლიერა რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია, რომლიც მიმართულია იმ ლაბორატორიების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან ამ ქვეყნებს „კოვიდ-19“-თან გამკლავებაში. აშშ-ის სტრატეგიული მიზნები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უცვლელია. ჩვენ გვსურს, რომ ამ პროგრამის მონაწილე ექვსივე ქვეყანამ, დემოკრატიული და ანგარიშვალდებული სახელმწიფოს მშენებლობაში წარმატებას მიაღწიონ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რომ მათ შეძლონ გარედან მომავალი აგრესიისთვის და მავნე ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელიც განსაკუთრებით მოდის რუსეთიდან და ასევე ჩინეთიდანაც. ამ ქვეყნებს საკუთარი მომავლის არჩევა თავად უნდა შეეძლოთ. ჩვენ ასე ვიქცევით, რადგან ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია და გაწერილია ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.