ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ინტერნეტის გარეშე დარჩა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი. დე ფაქტო რესპუბლიკაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტსადენი რუსეთის ფედერაციიდან შედის. სადენი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე დასახლებების, ალაგირსა და ზარამაგს შორის დაზიანდა. სააგენტო „რეს"-ის ცნობით, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.
„იუგ-ტელეკომის“ გენერალურმა დირექტორმა ერნა ჯიოევამ სააგენტოს განუცხადა, რომ აღდგენითი სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
„სპეციალისტები ამჟამად ადგილზე მუშაობენ და ინტერნეტის სადენი ჰაერში გაჰყავთ, აქამდე ის მიწაში იყო გაყვანილი, რაც დაზიანების ადგილის პოვნას ართულებდა. დიდი მოცულობით სამუშაოა შესასრულებელი, მაგრამ სპეციალისტები ცდილობენ, რომ ინტერნეტკავშირი დღესვე აღადგინონ“, - განაცხადა ერნა ჯიოევამ.
ინტერნეტის მიწოდება დე ფაქტო რესპუბლიკაში ხუთშაბათს დილით გაითიშა, სპეციალისტები კი დაზიანების ადგილს თითქმის 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31901624.html
Source: radiotavisupleba.ge