შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება სულ უფრო უარესდება

Tbilisi Daily

შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრი ალან ბერსე აცხადებს, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები და ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი ყოველ კვირას ორმაგდება. მისი თქმით, მთავრობა კვლავ იმოქმედებს, თუ კვირის ბოლოს გამოცხადებული ახალი შეზღუდვები გავლენას არ იქონიებს ზრდის ტენდენციაზე. „სიტუაცია უარესდება და უარესდება, სამი კვირის წინ ჩვენ ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთი საუკეთესო ვითარება გვქონდა. სამი კვირის შემდგომ, კი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სიტუაცია გვაქვს“, - განაცხადა მინისტრმა პრესკონფერენციაზე. ამჟამად შვეიცარიაში ყოველ 100 000 ადამიანზე საშუალოდ 394 დაინფიცირებული მოდის. ალან ბერსეს თქმით, ერთი თვის წინ ეს რიცხვი 60-ზე ნაკლები იყო. მისი თქმით, შვეიცარიის მთავრობა მომავალ ოთხშაბათამდე მოიცდის და დააკვირდება, შეამცირებს თუ არა ვირუსის გავრცელებას ახალი ზომები. კვირას გამოცხადებული ზომების თანახმად, შვეიცარიის მაცხოვრებლები ვალდებულნი არიან საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა დახურულ სივრცეში პირბადე ატარონ. ასევე, აიკრძალა 15 კაცზე მეტის თავშეყრა. მოსახლეობას მოუწოდეს შესაძლებლობის შემთხვევაში სახლიდან იმუშაონ. ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში შვეიცარიაში კოვიდ-19-ის 5 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.