რა არის ახალი შტამი და როგორ ვრცელდება ის

Tbilisi Daily

დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ დაადასტურა, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა. კორონავირუსის ახალი შტამი პირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემების თანახმად, ახალი შტამი უკვე ცნობილისგან განსხვავებით გამოირჩევა ბავშვების და 19 წლამდე ასაკის მოზარდების ორგანიზმის უჯრედებში შეღწევის უნარით. ლონდონის იმპერიული კოლეჯის პროფესორ ნილ ფერგიუსონის თქმით, ახალი შტამისთვის დამახასიათებელი ბავშვების დაინფიცირების უფრო მაღალი უნარი სტატისტიკურად ჩანს, მაგრამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჯერჯერობით დაუდგენელია. ადრე SARS-CoV-2 ბავშვებზე ზემოქმედებას ვერ ახდენდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ვირუსმა მუტაცია განიცადა, ადაპტირდა როგორც წამლებთან, ისე იმ ორგანიზმის უჯრედებთან, რომელში შეღწევაც მას უჭირდა. გენომში კარდინალური ცვლილებების შედეგად (20 შემთხვევაში ქრომოსობების წყვილების კომბინაცია გენომებში განსხვავებულია) კორონავირუსის ახალი შტამი თავდაპირველად გამოვლენილისგან განსხვავებით ბევრად უფრო ადვილად აღწევს ბავშვების და მოზარდების ორგანიზმში. ახალი შტამის ბავშვების და მოზარდების ორგანიზმში შღწევის უნარი, ინფექციონისტთა თქმით, არ ნიშნავს, რომ დაავადება ადრინდელის მსგავსად უსიმპტომო არ იქნება და მძიმე ფორმით განვითარდება. ბავშვების იმუნური სისტემა იმდაგვარად არის მოწყობილი, რომ მას შესწევს უნარი მოიგერიოს ვირუსული და ბაქტერიული შეტევები და მუტაციაგანცდილი კორონავირუსი არ იქნება მათთვის საშიში. ბავშვებში კარგადაა განვითარებული სწრაფად რეაგირების სისტემა, რის გამოც ვირუსი აღწევს ორგანიზმში, მაგრამ ვერ ახერხებს გამრავლებას, ასაკის მატებასთან ერთად კი ორგანიზმი კარგავს თავდაცვის ამ უნარს. ახალი შტამის მთავარი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ მისი ბავშვების და მოზარდების ორგანიზმში ადვილად შეღწევის შემდეგ მათგან ვირუსის სხვა, ბევრად უფრო მოწყვლადი კატეგორიის ჯგუფის ადამიანებში სწრაფად გავრცელება შეიძლება მოხდეს. რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ახალ შტამზე საეჭვო სამი ნიმუშის გენომის სეკვენირების (გენომის დნმ-ის მცირე ნაწილებად დაშლა და ამ ნაწილებში არსებული არსებული ნუკლეოტიდების მიმდევრობის განსაზღვრა) პროცესის დაწყებისას, დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ახალი შტამი „არ არის უფრო ვირულენტური, ანუ აგრესიული, ვიდრე ჩვეულებრივი შტამი, ერთადერთი, რასაც ამბობენ მეცნიერები, ბრიტანეთიდან ძირითადად, უფრო ადვილად გადადის ახალგაზრდებში”