უკრაინაში მიმდინარე ბრძოლაში ფრანგი მოხალისე დაიღუპა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომელსაც არაერთი მედია ავრცელებს, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ფრანგი მოხალისე დაიღუპა. "ჩვენ მივიღეთ სამწუხარო ცნობა, რომ უკრაინისთვის დაცვისთვის ბრძოლაში საფრანგეთის მოქალაქემ სასიკვდილო სასიკვდილო მიიღო. ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახს", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. სხვა დეტალები უცნობია. რუსეთის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ უკრაინაში ამ ქვეყნის დასახმარებლად არაერთი ეროვნების მოხალისე ჩავიდა. აპრილის ბოლოს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონში ჰუმანიტარული დახმარებით დაკავებული ორი ბრიტანელი მოხალისე ტყვედ აიყვანეს.  ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბროლაში უკრაინის მიწაზე 12 ქართველი მოხალისე დაიღუპა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31882388.html

Source: radiotavisupleba.ge