„კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერებმა რუსეთში ევრაზიული კავშირის ინტეგრაციულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ჰომოფობიური და პრორუსული რიტორიკით ცნობილი პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერები და ტელეარხ „ალტ-ინფოს" წამყვანები რუსეთში, ევრაზიული კავშირის ინტეგრაციულ ფორუმში მონაწილეობდნენ. ცნობას „ფეისბუკზე" ავრცელებს ზურაბ მახარაძე, „კონსერვატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი. „ფორუმის ფარგლებში შედგა დიალოგი რუსეთის ევრაზიული კავშირის მინისტრ სერგეი იურევიჩ გლაზევთან და ფედერაციის საბჭოს სენატორ იგორ ნიკოლაევიჩ მოროზოვთან. საუბარი შეეხებოდა ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებას, უსაფრთხოებასა და იმ შესაძლო ეკონომიკურ პერსპექტივებს, რომლებიც საქართველოსთვის ევრაზიულ სივრცეში იხსნება", - წერს მახარაძე. „ალტ-ინფოს" დამფუძნებლები არიან 2021 წლის 5 ივლისისთვის დაგეგმილი „ღირსების მარშის" კონტრაქციის ორგანიზატორები. კონტრაქციაზე 50-ზე მეტ ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად. „კონსერვატიული მოძრაობა" პარტიის სახით 2021 წლის ბოლოს დარეგისტრირდა. ამავე პარტიის ლიდერები არიან ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელებიც. https://www.radiotavisupleba.ge/a/32070187.html

Source: radiotavisupleba.ge