ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე შემდეგ აქციას გამართავს 14 ნოემბერს, 15:00 საათზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საზოგადოებას გააცნო ოპოზიციის მოქმედების უახლოესი გეგმა. როგორც მელიამ მიმართა შეკრებილებს, შემდეგი საპროტესტო აქცია ჩატარდება ისევ რუსთაველის გამზირზე შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე. მელიას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი მას მიიჩნევს პირად მოწინააღმდეგედ. „ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავარ", - ამბობს მელია და ხელისუფლებას მიმართავს, - „თქვენი ციხის არავის ეშინია. ბრძოლა არა თუ არ შეწყდება, არ შენელდება. ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეს მუხტი ჩაკლას - ისტორია ვწერთ, აქ ახალი საქართველო იწრთობა“. რუსთაველის გამზირზე ამჟამად მიმდინარე აქცია 22:00 საათის შემდეგ არ გაგრძელდება, თუმცა აქტივისტების ნაწილი აპირებს დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად დილის 05:00 საათამდე პარლამენტის წინ დარჩეს. რუსთაველის გამზირზე აქცია, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 8 ნოემბერს, სამართალდამცველებმა ცესკო-სთან მიმდინარე აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და საპროტესტო აქციებს მართავენ ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ცესკო და მმართველი პარტია ხარვეზებს აღიარებენ, თუმცა, არჩევნების გაყალბებას უარყოფენ. „ქართული ოცნება“ გამიზნულ პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და აცხადებს, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში არიან. https://www.radiotavisupleba.ge/a/30938849.html #ახალი_ამბები #twitter