ლიეტუვას ელჩი გმობს ჰომოფობიურ აქციას ევროკავშირის წარმომადგენლობასთან

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

"მინდა გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება და ვგმობ შეურაცხყოფებს ჩემი კოლეგების, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრების მიმართ, რომლებიც ღირსეულად წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს და ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისთვის, რათა დაეხმარონ საქართველოს მის გზაზე ევროკავშირისა და ნატოსკენ" - დატვიტა  ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ.  6 ივლისს, თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის წინ ულტრამემარჯვენე ჯგუფების, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისა“ და "ზნეობის" ოცამდე წარმომადგენელმა საპროტესტო აქცია გამართა.  მათი ერთი მოთხოვნა ქვიარ-თემის მიერ 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით დაგეგმილი "ღირსების კვირეულის" გაუქმება იყო.  დემონსტრანტები ასევე ითხოვდნენ, აშშ-ს, ევროკავშირის, და მისი წევრი ქვეყნების ელჩების საქართველოდან გაძევებას ქვიარ-თემის მიმართ გამოთქმული მხარდაჭერის გამო. აქციის მონაწილეებმს ეკავათ ჰომოფობიური ტრანსპარანტები.  რამდენიმე ადამიანმა სცადა, დაეწვა ცისარტყელისფერი დროშა, რომელიც ბოლო ათწლეულებია, ქვიარ-თემის არაოფიციალურ სიმბოლოდ იქცა. პოლიციამ დააკავა 7 ადამიანი. მათ შორის, ორგანიზატორები - გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები. 16 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ერთობლივი წერილი გაავრცელეს. მათ გამოხატეს სოლიდარობა ქვიარ თემის მიმართ, და მოუწოდეს  "სახელმწიფო, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს" აიღონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ქვიარების ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვაში. შარშან, 5 ივლისს, ძალადობრივმა ჯგუფებმა ჩაშალეს "ღირსების მარში", რომელიც ქვიარებს რუსთაველის გამზირზე უნდა გაემართათ. ისინი შეიჭრნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისი პრაიდის" ოფისში და ფიზიკურად იძალადეს 53 ჟურნალისტზე. მათგან ერთ-ერთი, ტელეკომპანია "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, თავდასხმიდან 6 დღეში გარდაიცვალა.  ამ ხსნის განმავლობაში, პოლიციამ დააპატიმრა ძალადობის 30-მდე ჩამდენი და არც ერთი ორგანიზატორი.     https://www.radiotavisupleba.ge/a/31885740.html

Source: radiotavisupleba.ge