მიხეილ ჩხენკელი - სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ გამოცდებზე სრულფასოვანი, აკადემიური და უსაფრთხო გარემო ყოფილიყო
Tbilisi Daily
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები წარმატებით დასრულდა. მისი განცხადებით, საგამოცდო პროცესი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და სამედიცინო პროტოკოლის სრული დაცვით ჩატარდა.
„სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამოცდებზე სრულფასოვანი აკადემიური და უსაფრთხო გარემო ყოფილიყო. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ყველა უწყებას, ვინც ჩართული იყო გამოცდების ორგანიზების პროცესში. აბიტურიენთთა ქულების გამოქვეყნება უკვე დაწყო და თითოეულ მათგანს წარმატებას კიდევ ერთხელ ვუსურვებ“, - განაცხადა მინისტრმა.
დღეს, 4 აგვისტოს, 2020 წლის საგამოცდო პროცესი საერთო სამაგისტრო გამოცდებით დასრულდა.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს აბიტუტიენტთა ნაშრომების გასწორება. შედეგების გამოქვეყნება უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად გაგრძელდება.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდებზე გამოცხადდა 94%-მდე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 600-ზე მეტი მსურველი, ხოლო გამოცხადდა 78%-ზე მეტი. მასწავლებლობის მსურველთა რიცხვი წელს საგნობრივ გამოცდაზე 12 000-მდე იყო, მათგან გამოცდაზე დაახლოებით 88% გამოცხადდა. რაც შეეხება მაგისტრობის კანდიდატებს, 12 600-ზე მეტი მსურველიდან გამოცდაზე დაახლოებით 87% გამოცხადდა.