"ტიკინების თეატრი" ანუ ბათუმის თოჯინების თეატრის ისტორია

Batumi Daily

ბათუმის თოჯინების თეატრის ისტორია მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება. იგი 1936 წელს გაიხსნა და ,,ტიკინების თეატრის“ სახელწოდებით იყო ცნობილი. მანამდე ბათუმში არსებულა თოჯინების მოყვარულთა თვითმოქმედი თეატრი, რომლის ბაზაზეც შემდგომ ჩამოყალიბდა ბათუმის თოჯინების პროფესიული თეატრი. როგორც აჭარის მთავრობის ერთიან პორტალზე ვკითხულობთ, ბათუმში თოჯინების თეატრის დაარსების იდეა წარმოიშვა მოსკოვში, სტალინთან ქართული თეატრის მოღვაწეებთან შეხვედრაზე. დრამატულ თეატრში მოღვაწე მსახიობმა - თამარ ჭავჭავაძე და დრამატურგმა მიხეილ ნიორაძემ დასვეს საკითხი ბათუმში თოჯინების თეატრის დაარსებისა. სწორედ ამ გამოსვლის შემდეგ 1936 წლის 20 ივლისს რეჟისორ გრიგოლ კოსტავას სპექტაკლით - ,,კაკოს ოინები“ - გაიხსნა ბათუმის თოჯინების თეატრი. ბათუმის თოჯინების თეატრს დიდ დახმარებას უწევდა ,,სამუსლიმანო საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოება”, რომელსაც მეთაურობდა ცნობილი საზოგადო მოღვაწე მემედ აბაშიძე. ამ მიზეზით, პოლიტიკურ ნიადაგზე 1938 წელს თეატრი დაიხურა. 1980 წლამდე, ბათუმში თოჯინების სახელმწიფო თეატრის გახსნამდე, 20 წლის განმავლობაში, აჭარის მასწავლებელთა სახლის ბაზაზე იდგმებოდა თოჯინური სპექტაკლები, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები. 1980 წლიდან ბათუმში ფუნქციონირებას იწყებს მუდმივმოქმედი თოჯინების სახელმწიფო თეატრი. თბილისში, თეატრალურ ინსტიტუტში, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ გივი სარჩიმელიძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით გაიხსნა თოჯინების თეატრის მსახიობებისა და რეჟისორების მიზნობრივი ჯგუფი, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა ბათუმის პროფესიული თოჯინების თეატრი. როგორც ბათუმის თოჯინების თეატრის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დადგმული სპექტაკლების სრული ვიდეო მასალები, ეტაპობრივად აიტვირთება მათ youtobe გვერდზე, სადაც ყველა შეძლებს სპექტაკლების სრულად ყურებას. #ბათუმი #თოჯინებისთეატრი #ისტორია Batumidaily