რა უძრავ ქონებას ფლობენ ქართველი მინისტრები

0
ქართველი მინისტრების ნაწილს უძრავი ქონება არ აქვს. საკუთარი სახლი არ გააჩნია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს. აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელი პირების უძრავ-მორავი ქონება კი საკმაოდ შთამბეჭდავია - მათი ნაწილი რამდენიმე სახლის, მიწის ნაკვეთის და ავტოფარეხის მფლობელია. „ბიზნესპრესნიუსი“ ქონებრივ დეკლარაციაზე მიხედვით, გთავაზობთ, თუ რა უძრავ-მოძრავ ქონებას ფლობენ მოქმედი მინისტრები. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია - ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 30 მაისს შეავსო, რომლის მიხედვითაც, უძრავ/მოძრავ ქონებას არ ფლობს. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას ნდობა 2019 წლის 8 სექტემბერს გამოუცხადა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნულ პოსტზე 2019 წლის ივნისში დანიშნა. მის მიერ 2019 წლის 19 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის სახელზეა მხოლოდ 760 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი თბილისში, რომელიც 2009 წელს 110 000 დოლარად შეიძინა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აღნიშნულ პოსტს 2018 წლის გაზაფხულიდან იკავებს. 2020 წლის 29 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ინფრასტრუქტურის მინისტრი ფლობს: 182, 80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რაშიც 270 000 ლარი აქვს გადახდილი; ამავე მისამართზე მდებარე 14 კვ. მეტრის ავტოფარეხს, 1 528 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს კოჯორში; 407 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს ამავე მისამართზე და კოჯორში მდებარე 2 686 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აღნიშულ თანამდებობას 2019 წლის აპრილიდან იკავებს. როგორც 2019 წლის 30 ნოემბერს შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, ეკონომიკის მინისტრი ფლობს: 130, 79 კვადრატული მეტრისა და 137, 21 კვ. მეტრი ფართობის ორ ბინას თბილისში; ასევე დედაქალაქში მდებარე 20, 3 კვ. მეტრის ავტოფარეხსა და 1 615 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მცხეთაში. მის მფლობელობაშია ავტომობილი Mercedes Benz ML class, რომელიც მინისტრმა 2014 წელს 43 000 დოლარად შეიძინა. ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანის მიერ 2019 წლის 30 სექტემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს 950 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთსა და 290, 95 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს დუშეთის მუნიციპალიტეტში; თბილისში 22, 45 კვ. მეტრის შენობა-ნაგებობის 50%-იან წილს, რომელიც 2018 წელს გამიჯვნის საფუძველზე აქვს მიღებული. მასვე ეკუთვნის 217, 82 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართი დედაქალაქში, რომელიც ასევე გამიჯვნის საფუძველზე აქვს მიღებული; 94 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს თბილისში, რომელიც 2018 წელს გამიჯვნის საფუძველზე მიიღო. გარდა ამისა, მინისტრის საკუთრებაშია თბილისში მდებარე 178, 56 კვ. მეტრისა და 90, 62 კვ. მეტრი ფართობის ბინები და 48 კვ. მეტრის არასაცხოვრებელი ფართი. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. 2019 წლის 13 ოქტომბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ღარიბაშვილი ფლობს 121, 8 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, იმავე მისამართზე მდებარე 16 კვ. მეტრის ავტოფარეხს; დედაქალაქში მდებარე 170 კვ. მეტრისა და 159 კვ. მეტრის ბინებს, ასევე იმავე მისამართზე მდებარე ორ - 38 კვადრატული მეტრისა და 11 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს. მის საკუთრებაშია ასევე, მსუბუქი ავტომობილი, 2019 წელს გამოშვებული - აუდი A8, რომელიც განვადების ხელშეკრულების თანახმად, მიმდინარე წელს 75 620 ევროდ აქვს შეძენილი. შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ვახტანგ გომელაური 2019 წლის სექტემბერში მეორედ დაინიშნა. როგორც 2019 წლის 19 ივნისს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, გომელაურის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერთადერთი მინისტრია, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე დაკავებულ თანამდებობას ინარჩუნებს. როგორც მის მიერ 2020 წლის 31 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, მინისტრი ფლობს: 6 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს მესტიაში, სოფელ ზემო ლუჰაში, რომელიც 2017 წელს საჩუქრად მიიღო; 900 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; 1000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; სოფელ დიღომში მდებარე 330, 22 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს და ამავე მისამართზე მდებარე 40, 93 კვ. მეტრის ავტოფარეხს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი 2019 წლის ნოემბერში მეორედ დაინიშნა. როგორც მის მიერ 2020 წლის 17 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, მიხეილ ჩხენკელის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ფიქსირდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინისტრი ლევან დავითაშვილი - 2020 წლის თებერვალში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მინისტრი ფლობს: 2011 წელს სოფელ დიღომში შეძენილ 300 კვ.მ მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს. ამავე ტერიტორიაზე მდებარე 550 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც 2007 წელს შეიძინა. გარდა ამისა, 2007 წელს მემიკვიდრეობით გადაცემულ ბინას დიღმის მე-5 კვარტალში. 2009 წელს კი მინისტრმა მიწის ნაკვეთი შეიძინა თელავშიც, კერძოდ, სოფელ შალაურში, რომლის ფართობი 4828 კვ.მ-ს შეადგენს. ლევან დავითაშვილს შეძენილი უძრავი ქონების ღირებულება დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი - 2020 წლის თებერვალში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის საკუთრებაშია მხოლოდ 2004 წელს თბილისში 64 570 ლარად შეძენილი ბინის 50%. სახლის ნახევარი დავით ზალკალიანის მეუღლის სახელზეა გაფორმებული. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშილის მიერ 2020 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ძირითადი უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელი მინისტრის მეუღლე არმინ ჰუთენლოხერია. რაც შეეხება თავად მინისტრის ქონებას, ციხელაშვილი ფლობს ოქროყანაში მდებარე 188, 9 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლის 50%-იან წილს, რომლის თანამესაკუთრე მისი მეუღლეა. მინისტრს ეკუთვნის ასევე მსუბუქი ავტომობილი Hyundai Tucson
0