ირანი: ბორელი თეირანში ჩადის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ევროპის კავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელი, ჟოსეპ ბორელი, 24 ივნისს გვიან ჩავა ამ ქვეყანაში, რათა ახალი სტიმული მისცეს მსოფლიოს ქვეყნებთან ირანის მიერ 2015 წელს დადებულ ბირთვული შეთანხმების აღდგენის მოლაპარაკებებს. თეირანში ბორელის ვიზიტის ფარგლებში განიხილება ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები, ასევე სანქციების მოხსნის თემა, რომელიც "ირანსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე კონსულტაციების ნაწილია“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა საიდ ხათიბზადემ. ბირთვულ შეთანხმებას საფრთხე შეექმნა, როცა აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ცალმხრივად დატოვა ის 2018 წელს. მას შემდეგ ვაშინგტონმა თეირანს დაუწესა გამანადგურებელი სანქციები, ხოლო ირანის მთავრობამ, რომელიც უარყოფს, რომ თავისი ბირთვული პროგრამა იარაღის შექმნას ცდილობს, ეტაპობრივად დაიწყო შეთანხმებაში ასახული ზოგიერთი ვალდებულების დარღვევა. ირანი ერთ წელიწადზე მეტია შეთანხმების აღდგენის მიზნით ჩართულია მოლაპარაკებებში ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, რუსეთთან და ჩინეთთან პირდაპირ - და არაპირდაპირ შეერთებულ შტატებთან. შეთანხმებას ოფიციალურად "ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა" ჰქვია. მოლაპარაკებები ვენაში მოულოდნელად შეჩერდა აპრილში. თეირანი და ვაშინგტონი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ დარჩენილი საკითხების გადასაჭრელად აუცილებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიუღებლობაში. ივნისის დასაწყისში თეირანმა განაცხადა, რომ დაიწყო 27 სათვალთვალო კამერის გათიშვა ბირთვული ობიექტებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ამცირებს დასავლეთის შესაძლებლობას, გაუწიოს ირანის ბირთვულ პროგრამას მეთვალყურეობა. ევროკავშირის ელჩმა ბირთვულ მოლაპარაკებებში, ენრიკე მორამ, 23 ივნისს გვიან გამოაქვეყნა ბრიუსელში შემდგარი ვახშმის ფოტო, რომელსაც მასთან ერთად ესწრებოდნენ ბორელი და რობერტ მალი, მოლაპარაკებაზე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი. მორას თქმით, მალიმ გაიმეორა ვაშინგტონის "მტკიცე ვალდებულება, რომ დაუბრუნდება შეთანხმებას".     https://www.radiotavisupleba.ge/a/31913212.html

Source: radiotavisupleba.ge