რა არის "ქემფინგი" და რატომ აჭარაში?

0
ქემფინგი ინგლისური სიტყვაა, რომელიც ბოლო დროს ტურიზმში აქტიურად გამოიყენება. სინამდვილეში "ქემფინგი" იგივეა, რაც ლაშქრობა - ბუნების მოყვარულები მიდიან ღია სივრცეში, შლიან იქ კარავს და დასვენების დღეებს სუფთა ჰაერზე ატარებენ. აჭარაში ქემფინგისთვის ყველა პირობაა როგორც მთებში, ასევე ზღვაზე. ზაფხულის ცხელ დღეებში მთები უფრო პოპულარულია სიგრილის მოყვარულთათვის. იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო საზღვარი ჯერ-ჯერობით ჩაკეტილია და სხვა რეგიონებთან შედარებით უკეთესი ეპიდსიტუაცია გვაქვს, ადგილობრივი ტურიზმით დაკავებისთვის ხელსაყრელი დროა. თან, შეგვიძლია აჭარის აღმოჩენა - ბევრმა მხოლოდ ბათუმი და რამდენიმე ადგილი იცის მახლობლად, მაგრამ აჭარის მთები ბევრ საიდუმლოს ინახავს. ადრე დავწერეთ, სად შეიძლება აჭარაში ქემფინგზე წასვლა - მაგალითად, ბოტანიკურ ბაღში, მტირალას მთაზე, ხულოში, შუახევში, ქედაში. დღეს კი მოგიყვებით, რატომ უნდა დავკავდეთ ქემფინგით. ქემფინგს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად კარგი აქტივობაა. ბევრი ადამინისთვის ის სტრესის დასაძლევი საშუალებაა. პანდემიით გამოწვეული 3-თვიანი იზოლაციის შემდეგ, ბუნებაში გასვლა სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს. სტრესთან ერთად, მთებში ნელი სიარული ასევე კარგი ვარჯიშიცაა. სახლში ყოფნისას სიარულს გადავეჩვიეთ, მოძრაობის ნაკლებობამ კი შეიძლება ჰიპოდინამია გამოიწვიოს. ქემფინგის დროს ძილის ხარისხიც გაუმჯობესებულია. მართალია, თავიდან კარავში ძილი შეიძლება უჩვეულო იყოს, მაგრამ მთებში ძილი საათობით სიარულის შემდეგ გაცილებით უფრო სასარგებლოა. ადამიანის ორგანიზმს სრულფასოვანი ძილი სჭირდება ენერგიის აღსადგენად. ბოლოს, ქემფინგი ან კარგი სოციალიზების, ან განმარტოების საშუალებაცაა. თუ ადამიანებთან კონტაქტი ამ სამი თვის განმავლობაში მოგაკლდათ, მეგობრებთან დროის გატარების და მათი უკეთ გაცნობის ერთ-ერთი საუკეთესო გზა მათთან ერთად მთების დალაშქვრაა. ხოლო თუ პირიქით, იზოლაციაში დიდ ოჯახთან ერთად აღმოჩნდით, მარტო ლაშქრობა განმარტოების საშუალებაც შეიძლება იყოს - მხოლოდ თქვენ და მხოლოდ ბუნება. ქემფინგი ბუნება აჭარა ლაშქრობა
batumidaily
0