ალექსეი ნავალნი კვლავ საჯარიმო იზოლატორში დააბრუნეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც სასჯელს ვლადიმირის რეგიონში მდებარე მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში იხდის, აგვისტოს შუა რიცხვებიდან მეხუთედ 12 დღით გაგზავნეს საჯარიმო იზოლატორში. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა, კირა იარმიშმა, ტელეგრამის არხში დაწერა.
კირა იარმიში აღნიშნავს, რომ მორიგი 15-დღიანი სასჯელის გასვლის მეორე დღეს ნავალნი კვლავ გაგზავნა კარცერში ციხის ადმინისტრაციამ, რომელმაც ამის მიზეზად დაასახელა "ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ რუსი ოპოზიციონერის ზედმეტი ლაპარაკი".
ამაზე ნავალნიმ კოვროვის სასამართლო სხდომაზე ვიდეოჩართვის საშუალებით თავადაც ისაუბრა. "მე ჩავჯდები 12 დღით და ჩავჯდები იმდენი ხნით, რამდენიც საჭირო იქნება. და თქვენ საჯარიმო იზოლატორებით მე პირს ვერ დამიხშობთ. ვინაიდან ის, რაც ახლა ხდება, 12-დღიან პატიმრობაზე უფრო უარესია... პუტინი მობილიზაციითა და რეფერენდუმებით სისხლით კრავს ასობით ათას ადამიანს", - მოჰყავს ნავალნის მიერ სასამართლოზე ნათქვამი სიტყვები "მედიაზონას".
12 აგვისტოს შემდეგ ალექსეი ნავალნი, ფაქტობრივად, არ გამოსულა საჯარიმო იზოლატორიდან. მსჯავრდადებული რუსი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ კოლონიის ადმინისტრაცია სჯის და სდევნის პოლიტიკური საქმიანობის გამო. კერძოდ, იმის გამო, რომ მან კოლონიაში პატიმართა და დასაქმებულთა პროფკავშირის შექმნა გამოაცხადა და ასევე სექტემბერში რუსეთში გამართულ არჩევნებში მოსახლეობას პროსამთავრობო კანდიდატების წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა.
ნავალნი 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ. ის იქ ციმბირში მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. მოწამვლაში ნავალნი პუტინს ადანაშაულებს. ნავალნი იხდის 11-ნახევარწლიან სასჯელს პირობითი ვადამდელი გათავისუფლების პირობების დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის და სავარაუდო თაღლითობის გამო.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32048104.html
Source: radiotavisupleba.ge