თურქეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურების სისტემა - ნაწილი II

Interworld

თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო დაზვერვას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში, რომელიც გამყარებულია არამხოლოდ საკანონმდებლო დონეზე, არამედ ამ სამსახურის წინაშე დაყენებული ამოცანების მნიშვნელობით და მოცულობით. შესაბამისად, მას აქვს კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა, საკმარისი დაფინანსება და ფართო ტექნიკური შესაძლებლობები. თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო დაზვერვა ტრადიციულად ინფორმაციას მოიპოვებს მტრულად (და არამხოლოდ) განწყობილი სახელმწიფოების (და მათი კოალიციების) გეგმებისა და სამხედრო მომზადების, ასევე ეკონომიკური პოტენციალის შესახებ. აგრეთვე შეისწავლის „მოქმედებათა თეატრს“, შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისა და ჯარების დაჯგუფების ხასიათის თაობაზე. თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო დაზვერვა მოიცავს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს (MID GS), შეიარაღებული ძალების შტაბების სადაზვერვო დეპარტამენტებს, ასევე სამხედრო დაზვერვის ცალკეულ ნაწილებსა და დანაყოფებს. სტრატეგიული სადაზვერვო ამოცანების გადაჭრაზე პასუხისმგებელია MID GS, შეიარაღებული ძალების შტაბების სადაზვერვო დეპარტამენტები სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე, ხოლო სამხედრო დაზვერვის ცალკეული ნაწილები და დანაყოფები კი ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე. გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს საქმიანობა მოიცავს: • სამხედრო დაზვერვის პრინციპებისა და საქმიანობის სპეციფიკის შემუშავებას როგორ სამშვიდობო, ასევე საომარი პირობების დროს; • ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ასევე შეიარაღებული ძალების სარდლობის ინფორმირებას სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებზე; • შეიარაღებული ძალების სადაზვერვო და ანალიტიკური სააგენტოების გეგმიური მუშაობის ორგანიზებას; • ნატოსა წევრი სახელმწიფოებისა და მოკავშირე ქვეყნების შეიარაღებული ძალების სადაზვერვო სამსახურებთან ურთიერთქმედების ორგანიზებას; • სადაზვერვო აქტივობის დაგეგმვასა და ორგანიზებას; • საგარეო და საშინაო კონტრდაზვერვითი საქმიანობის დაგეგმვასა და პრაქტიკულ განხორციელებას; • ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური ვითარების შესწავლას და ოპერატიული საქმიანობის განხორციელებას არსებული ხელისუფლების წინაშე მდგარი საფრთხეების წყაროების გამოვლენის მიზნით; • სამხედრო ატაშეს აპარატის გამოყენებით საზღვარგარეთ სადაზვერვო ამოცანების გადაჭრას; • თურქეთის რესპუბლიკის ინტერესების სფეროს ქვეყნების სამხედრო პოტენციალის შეფასებას. MID GS მოიცავს შემდეგ მთავარ დანაყოფებს: • საზღვარგარეთ მოქმედ 2 სადაზვერვო სააგენტოს; • კონტრდაზვერვით სააგენტოს; • დაზვერვის დაგეგმვისა და კოორდინაციის ოფისს; • სამხედრო ატაშეთა ოფისს; • ე.წ. ცალკეულ საგანმანათლებლო დაზვერვის ბრიგადას (სპეციალიზებული საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულება - „დაზვერვის სკოლა“); • „დაზვერვის ოფიცრის სკოლას“; • უცხო ენათა სკოლას; • სპეციალური ელექტრონული სისტემების დეპარტამენტს (რადიო-ელექტრონული მხარდაჭერის სარდლობას); • საინფორმაციო და ანალიტიკურ ცენტრს. MID GS-ის სადაზვერვო სააგენტოების საქმიანობა მოიცავს: • უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკურ, სამეცნიერო და ტექნიკური ტიპის სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და შეფასებას; • MIT-თან ურთიერთთანამშრომლობით აგენტურული ქსელების შექმნას; • შეიარაღებული ძალების სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და სარდლობისთვის ყველა სახის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, რათა ქვეყნისა და მოკავშირე სახელმწიფოების ინტერესების სასარგებლოდ მოხდეს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება; MID GS-ის კონტრდაზვერვის სააგენტო ახორციელებს რიგ ღონისძიებებს სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლოებების დასაცავად და ნებისმიერი სახის ინფორმაციის „გაჟონვის“ თავიდან ასარიდებლად. ამ სამსახურის ძირითადი ფუნქციები მოიცავს: • თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებისთვის წინააღმდეგობის გაწევას; • დაქვემდებარებული დანაყოფებისა და სამსახურების გეგმიური მუშაობის ორგანიზებას; • ქვეყნის უსაფრთხოების საერთო სისტემაში შემავალ სხვა კონტრდაზვერვით სამსახურებთან, აგრეთვე უცხო ქვეყნების და მათი შეიარაღებული ძალების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობების ორგანიზებას; • საჭირო ღონისძიებების გატარებას სეპარატისტული, ისლამისტური, ფუნდამენტალისტური და ექსტრემისტული მოძრაობების, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალული ორგანიზაციების ტერორისტული და დივერსიული საქმიანობების წინააღმდეგ; • შეიარაღებული ძალების სარდლობის, ასევე თურქეთის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო დელეგაციებისა და მისიების უსაფრთხოების უზრუნველყოფას; • შეირაღებულ ძალებში „საიდუმლო ჩანაწერების“ მართვის კონტროლს; • საზოგადოებრივი აზრის, საზოგადოების დამოკიდებულების შესწავლას, ასევე უცხო ქვეყნიდან მომდინარე „ფსიქოლოგიური ომისა“ და პროპაგანდისტული კამპანიების საწინააღმდეგო ზომების მიღებას. ამ კონტრდაზვერვის სააგენტოს ამჟამინდელი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებია: თურქეთის ტერიტორიაზე სავარაუდო ტერორისტული საქმიანობისთვის მხარდასაჭერი საგარეო დახმარების თაობაზე ინფორმაციის მოპოვება; უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების აგენტურული ქსელების გამოვლენა; ინფორმაციისა და კომპიუტერული სისტემების დაცვა, ასევე შეიარაღებული ძალების საკომუნიკაციო ხაზების (სადენიანი, უსადენო, სატელიტური და ა.შ.) დაცვა უცხო ქვეყნის სადაზვერვო შეღწევისგან; სამხედრო ატაშეთა ოფისი პასუხისმგებელია საზღვარგარეთ თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი პერსონალის შერჩევასა და სამხედრო ატაშეების დაკომპლექტებაზე. მოცემული ოფისი ორგანიზებას უწევს წარმომადგენლობით საქმიანობას და უზრუნველყოფს ოფიციალურ კონტაქტს უცხო სახელმწიფოთა სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და თურქეთის თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს შორის. ე.წ. დაზვერვის სკოლა ახორციელებს სამხედრო დაზვერვის პერსონალის (სპეციალისტების) მომზადებას სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალებისთვის, აგრეთვე ჟანდარმერიისთვის. რაც შეეხება „დაზვერვის ოფიცრის სკოლას“, ეს დანაყოფი ამზადებს დაზვერვის საშუალო და უმცროსი საფეხურის ოფიცრებს. ამასთან, მოცემული სკოლა ატარებს სამეცნიერო კვლევებს სამხედრო დაზვერვის თეორიის სფეროში, სწავლობს უცხოური სადაზვერვო სამსახურების გამოცდილებებს და ამის საფუძველზე შეიმუშავებს სადაზვერვო საქმიანობის ახალ ფორმებსა და მეთოდებს MID GS-ისთვის. უცხო ენათა სკოლა ამზადებს დაზვერვის ოფიცრებს ორ ან მეტ უცხოური ენის ცოდნაში. სპეციალური ელექტრონული სისტემების დირექტორატი (რადიო-ელექტრონული მხარდაჭერის სარდლობა) გეგმავს და ორგანიზებას უკეთებს რადიო და რადიო-ტექნიკურ დაზვერვას, ასევე ე.წ. Electronic warfare-ს. რაც შეეხება საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს, ასრულებს ამოცანებს სადაზვერვო (რეკოგნოსცირების) მონაცემებისა და ინფორმაციის კომპიუტერული დამუშავების თაობაზე. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Turkey #military #intelligence #interworld