ქობულეთში ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გაიხსნა

Batumi Daily

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ქობულეთში მომხდარი ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნეს. ძარცვის ბრალდებით დაკავებულია 1986 წელს დაბადებული გ.მ. სამართალდამცველებმა გ.მ - ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ქობულეთში, "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯიას" ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული - 55 000 - მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში