ბრაზილიაში ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბრაზილიის დედაქალაქში 8 იანვარს ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მომხრეები ქვეყნის პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერებზე ჩანს, როგორ ააღწიეს ბოლსონარუს მომხრეებმა შენობის სახურავზე და შემდეგ შენობის სხდომათა დარბაზში. პოლიციამ ვერ შეძლო მათთვის ხელი შეეშალა.   დედაქალაქ ბრაზილიაში ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა ასევე იერიში მიიტანეს პრეზიდენტის სასახლეზე და უზენაესი სასამართლოს შენობაზე. მათ ამ შენობებში შეჭრაც მოახერხეს. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალაქში სამართალდამცავების დასახმარებლად დამატებითი ძალები გაიგზავნა. ქვეყნის ახლახან კვლავ არჩეული პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა თვლის, რომ რაც მოხდა, სხვათა შორის უსაფრთხოების ნაკლებობის ბრალია. „ნამდვილი ვანდალების მსგავსად, ანადგურებდნენ ყველაფერს რაც წინ ხვდებოდათ. ვფიქრობ, ეს იყო უსაფრთხოების ნაკლებობა და მინდა გითხრათ, რომ ყველა ის, ვინც ეს გააკეთა, მიკვლეულ იქნება და დაისჯება,“ - თქვა და სილვამ საო პაოლოში. ბოლსონარუს მომხრეები თვლიან, რომ არჩევნების შედეგები, რომლითაც, ოფიციალური, მონაცემებით, მცირე უპირატესობით ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაიმარჯვა, გაყალბებული იყო. ბევრს გაახსენა ბრაზილიაში მომხდარმა აშშ-ში, 2021 წლის 6 იანვრის მოვლენები, როცა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეებმა იერიში მიიტანეს კონგრესის შენობაზე და მასში შეიჭრნენ. მოძალეების სასამართლო პროცესები აშშ-ში დღემდე გრძელდება. (მიმდინარეობს ახალი ამბის განახლება)   https://www.radiotavisupleba.ge/a/32214523.html

Source: radiotavisupleba.ge