საქსტატი - ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 13.5 პროცენტით გაიზარდა
Tbilisi Daily
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის პირველ კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით გაიზარდა და 26.0 მილიარდი ლარი შეადგინა.
ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2020 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა 10.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 8.4 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მთლიანი ბრუნვის 60.0 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.6 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 23.4 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 44.3 პროცენტი, საშუალოზე – 24.4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 31.3 პროცენტი.
ამასთან, როგორც საქსტატის ანგარიშშია აღნიშნული, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2020 წლის პირველ კვარტალში 15.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვები 9.5 მლრდ ლარი იყო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს 7.3 პროცენტით აღემატება.