ჰუბერტ ქნირში: მისასალმებელია, რომ საქართველო კონფლიქტის მხარეებს შუამავლის როლს სთავაზობს
Tbilisi Daily
გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მიესალმება საქართველოს მთავრობის მზადყოფნას, თბილისში უმასპინძლოს კონფლქტის მხარეების შეხვედრას.
ამის შესახებ გერმანელმა დიპლომატმა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„საქართველოს მთავრობასთან ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. საქართველო სთავაზობს კონფლიქტის მხარეებს შუამავლის როლს, რასაც მივესალმებით. ამას ასევე აკეთებენ გერმანია და ევროკავშირიც. ანგელა მერკელი მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავმჯდომარეებს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ საკითხში. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ძალისხმევა მიგვიყვანს იქამდე, რომ მალე დიალოგის მაგიდას მიუსხდებიან მხარეები“, - აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს თბილისში უმასპინძლოს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.