უკრაინის გენშტაბის ცნობით, დღევანდელი თავდასხმისთვის რუსეთმა 14 დრონი გამოიყენა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე გამოიყენეს 14 უპილოტო საფრენი აპარატი(Shahed). გენშტაბის წინასწარი მონაცემებით, 14-დან 11 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. დრონებით თავდასხმის გამო, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე შუაღამიდან გამოცხადებული საჰაერო განგაში დაახლოებით ხუთ საათს, ადგილობრივი დროით 04:45 საათამდე გაგრძელდა. უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებლად ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უმრავლესობა - 9 დრონი დედაქალაქის საჰაერო სივრცეში გაანადგურეს. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების და მედიასაშუალებების ინფორმაციით, აფეთქებები იყო დედაქალაქ კიევში და კიევის, ხმელნიცკის, ჩერნიგოვის, პოლტავის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის და სხვა ოლქებში. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32289589.html

Source: radiotavisupleba.ge