დონალდ ტრამპმა Oracle-სა და Walmart-ს TikTok-თან ხელშეკრულების გაფორმების ნება დართო

Tbilisi Daily

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ კომპანიებს Oracle და Walmart ვიდეოაპლიკაცია TikTok-თან ხელშეკრულების გაფორმების ნება დართო. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, ხელშეკრულება ჩინურ TIkTok-ს აშშ-ის ტერიტორიაზე მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემს, რადგან ამერიკელი მომხმარებლების პირად მონაცემებს Oracle-ი თავის „ქლაუდში“, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებით შეინახავს. როგორც ტრამპმა განაცხადა, მან ეს შეთანხმება „აკურთხა“. Reuters-ი იტყობინება, რომ შეთანხმება პარტნიორობის პრინციპებით არის შედგენილი. კერძოდ, დოკუმენტი კომპანია TikTok Global-ის დაფუძნებას ითვალისწინებს, რომლის შტაბ-ბინაც აშშ-ში (სავარაუდოდ ტეხასში) განთავსდება. სააგენტოს ცნობით, ახალ კომპანიის 80% ჩინური მხარის კუთვნილება იქნება. თავდაპირველად ტრამპი TikTok-ის აქციების სრული პაკეტის გაყიდვის მომხრე იყო. Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკული კომპანიები აქციებში 12 მილიარდ დოლარს გადაიხდიან, რის სანაცვლოდ Oracle-ი 12,5%-იან, Walmart-ი კი 7,5%-იან წილს მიიღებს. ამასთან, TikTok-ის აქციების უმეტესობის მფლობელი კომპანია ByteDance-ი დარჩება. ჩინური მხარე პირობებს უსამართლოდ მიიჩნევს, მაგრამ თანხმდება, რომ ეს შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალია და ნაწილობრივი გაყიდვა აშშ-ში აპლიკაციის დაბლოკვაზე უარესია. ივლისში ტრამპმა, TikTok-ს აშშ-ში ყველა აქტივის გასაყიდად ვადა 15 სექტემბრამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში სერვისს ბლოკირებით იმუქრებოდა. 14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ TikTok-ის მფლობელმა ByteDance-მა კომპანია Oracle-თან საპარტნიორო ხელშეკრულება გააფორმა.