სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე შეტაკებებთან დაკავშირებით განვითარებული ბოლო მოვლენები
Interworld
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული სასაზღვრო ზოლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (საქართველოს სიახლოვეს) მიმდინარე შეტაკებებისას კიდევ ორი სომეხი სამხედრო - უმცროსი სერჟანტი სმბათ გაბრიელიანი და უმცროსი სერჟანტი გრიშა მატევოსიანი დაიღუპა. სომხური მხრიდან მსხვერპლის საერთო რაოდენობა 4-ს უტოლდება.
„კრიზისული საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელის არწრუნ ოვანისიანის განცხადებით, გარდაცვლილი სამხედროები ფრონტის წინა ხაზზე არ იმყოფებოდნენ, მაგრამ აქტიური საბრძოლო მოქმედებები ორივე მხარის სიღრმეებშიც მიმდინარეობს, რაც ფრონტის უკანა ხაზზეც იწვევს დანაკარგებს. ოვანისიანის თქმით, აზერბაიჯანული მხარე აქტიურად იყენებს ჰაუბიცებსა და ზალპურ საცეცხლე სისტემა BM-21-ს (გრადებს).
„კრიზისული საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე რეზერვის გამოყენების და საზღვრისპირა სოფლების ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხურმა დანაყოფებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „9K33 OSA”-თი, აზერბაიჯანის კუთვნილი Elbit Hermes 900-ის (ისრაელის წარმოების) ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობებით, ამ ეტაპზე მოწინააღმდეგის 10 ერთეული დრონი არის განადგურებული.
საპასუხოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის საარტილერიო დანაყოფის სარდლობის საკონტროლო პუნქტი, ასევე საბრძოლო აღჭურვილობა და სხვა რამდენიმე სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.
დამატებით, აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, დაზიანებულია სომხეთის მხარეს არსებული რამდენიმე სოფლის გაზმომარაგების სისტემა.
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე შეტაკებებისას პარალელურად, ბაქოში აზერბაიჯანული არმიის მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აჟღერებდნენ ლოზუნგებს - „მობილიზაცია!“, „სიკვდილი სომხეთს!“ და ა.შ.
ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანოებმა მათ წინააღმდეგ ხელკეტები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. როგორც ცნობილია, აქციაში დაახლოებით 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
15 ივლისის მდგომარეობით, დაპირისპირების ხაზზე ჯერჯერობით სიმშვიდეა.
საერთაშორისო გამოხმაურება
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთ-აზერბაიჯანის შეტაკებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ოფიციალური ერევანი „დაუფიქრებელი ნაბიჯების“ გადადგმაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აღნიშნული აზერბაიჯანზე პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს და მიმდინარე მოვლენები სომხეთის საზღვრებს სცდება. პროცესების მიზანი კი ერთია - სამშვიდობო მოლაპარაკებების ბლოკირება და კონფლიქტის ახალი კერის წარმოშობა.
კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის (პარლამენტი) თავმჯდომარემ დემეტრის სილურისმა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა სომხეთის რესპუბლიკას. აქვე მან მხარეებს დიალოგის წარმოებისკენ მოუწოდა. იგივეს იმეორებს ამ სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროც.
საკითხს გამოეხმაურა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნა, რომ ბაქომ და ერევანმა უნდა გააცნობიერონ რეგიონთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა და პირდაპირი დიალოგი აწარმოონ.
ირანის ხელისუფლება კვლავ გამოთქვა მზადყოფნა შუამავლის როლი იკისროს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმოებაში.
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალური ლონდონი კონფლიქტის დიალოგის გზით (ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ ფარგლებში) გადაჭრას უჭერს მხარს.
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ნატო შეშფოთებას გამოთქვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო ზოლზე მიმდინარე შეტაკებებთან დაკავშირებით.
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო შეშფოთებულია მიმდინარე დაპირისპირებაში მძიმე შეიარაღების გამოყენების გამო, რამაც პირთა სიკვდილი გამოიწვია. აპატურაის თქმით, ალიანსი მხარდაჭერას უცხადებს ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ ფარგლებში მიმდინარე დიალოგის წარმოებას, შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Armenia #Azerbaijan #conflict #border #clash #international #community #interworld
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა