რას ნიშნავს კოვიდ შუქნიშანი
Tbilisi Daily
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, კოვიდ შუქნიშნის დაწესების საერთაშორისო კრიტერიუმები არ არსებობს და ყველა ქვეყანა თავის კრიტერიუმებს აწესებს. გამყრელიძის თქმით, კოვიდ შუქნიშნის მეშვეობით ქვეყანას შესაძლებლობა აქვს ყველა ფერზე თვალყური ადევნოს რამდენი საწოლია საჭირო, რამდენი ექიმი ერთვება მუშაობაში, რა მარაგი უნდა გქონდეს და ა.შ.
"ვანგარიშობთ საერთო შემთხვევათა რიცხვს მილიონ მოსახლეზე, მაგრამ უფრო სწორია, როცა ვანგარიშობთ ყოველდღიურ ახალ შემთხვევებს და ამისდა მიხედვით ვაწესებთ შუქნიშანს. შიდა მუშაობისთვის სულ ვიყენებთ ოთხ — მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი ფერის შუქნიშანს. წითელ ზონას უკვე გადავაბიჯეთ", — განაცხადა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
წითელ ზონაში გადასვლის შესახებ გამყრელიძემ პირველად 23 ოქტომბერს განაცხადა.
26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა, 603 კი გამოჯანმრთელდა.