ალექსეი ნავალნი - რა ფაქტებია დღემდე ცნობილი მისი მოწამვლის შესახებ?

Tbilisi Daily

როგორც გუშინ, გვიან ღამით გახდა ცნობილი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს პოლიციამ დააკავა. ნავალნის ადვოკატს კი, მასთან ერთად წასვლის უფლება არ მისცეს. დაკავებისას ალექსეი ნავალნისთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლეც, რომელთან ერთადაც ის გერმანიიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ჩასვლის შემდეგ, დაკავებამდე, ნავალნიმ თქვა, რომ ის მოხარულია რომ დაბრუნდა სამშობლოში: "ეს ბოლო 5 თვეში ჩემთვის საუკეთესო დღეა. არა მხოლოდ სიმართლე, სამართალიც ჩემ მხარესაა, იცით რომ ყველა საქმე ჩემ წინააღმდეგ ფალსიფიცირებულია." - თქვა ნავალნიმ. რა ხდებოდა მანამ? რუსეთში დაბრუნების შესახებ ალექსეი ნავალნიმ 13 იანვარს განაცხადა. მანამდე პოლიტიკოსი 5 თვის განმავლობაში გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა. ის ბერლინში, შარიტეს კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ის კომიდან 15 სექტემბერს გამოვიდა და მას შემდეგ თავს კარგად გრძნობს. რაც შეეხება ნავალნის მოწამვლის ისტორიას: გასული წლის 14 დეკემბერს პოლიტიკოსმა, იმ ადამიანების ვინაობა გაასაჯაროვა, ვინც, მისი ინფორმაციით, მის მოწამვლაში მონაწილეობდა. ნავალნიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ჩატარებულ გამოძიებაზე დეტალურად ისაუბრა. ნავალნის ცნობით, მის მოწამვლასთან დაკავშირებით გამოძიება ორგანიზაცია Bellingcat-მა ჩაატარა, რომელშიც მოგვიანებით თავადაც ჩაერთო. როგორც ვიდეოში ნავალნი ჰყვება, ყველა ის პირი, რომელიც მისი მკვლელობის ორგანიზებაში იყო ჩართული, რუსეთის უშიშროების სამსახურის (ФСБ-ს) თანამშრომელი ან მასთან კავშირში მყოფია. ნავალნი ამბობს, რომ ყველა იდენტიფიცირებული პირის ჩართულობა მისი მკვლელობის სპეცოპერაციაში მტკიცებულებებით არის გამყარებული, თუმცა რუსეთში გამოძება ამ დრომდე არ მიმდინარეობს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მტკიცებულებების ნუსხაში არის ავიაბილეთები იმავე რეისებზე, რომლებითაც თვითონ გადაადგილდებოდა, ასევე სატელეფონო ზარებიც. ნავალნი ამბობს, რომ "სპეცოპერაციაში ჩართული ერთერთი პირი მის მეზობლად ცხოვრობს". ნავალნი ყვება, რომ 3-4-კაციანი ჯგუფი მას სისტემატურად უთვალთვალებდა მივლინებების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის რეგიონებში ჩადიოდა ვიზიტით. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები