ყველას სჭირდება ფული, მაგრამ ზოგს უფრო მეტად!

0
რატომ ამბობს ზოგიერთი ადამიანი, რომ ფული უმნიშვნელოა, მაშინ, როცა იგი საარსებო წყაროდ და ძალაუფლებად ერთდროულად გვევლინება? ოცდამეერთე საუკუნეში რთულია იპოვო ადამიანი, რომელიც თავის სამუშაოს ასრულებს სიყვარულით. მთავარი მიზანი ის გამომუშავებული თანხაა, რომელიც საარსებოდ ესაჭიროება. ამ კონკრეტული შემთხვევის დასამტკიცებლად შეგვიძლია დავასახელოთ სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტში განათლების მიღებასთან ერთად მუშაობენ, რათა სწავლის საფასური გადაიხადონ. გიორგი არაბულმა, რომელიც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია, ინტერვიუში განაცხადა: -მამის გარდაცვალების შემდეგ, ერთადერთი ვიყავი, ვისაც ჩემივე განათლების მისაღებად უნდა მემუშავა. დედაჩემს ვერ მოვთხოვდი სწავლის საფასური გადაეხადა, ამიტომ , , მაკდონალდსის“ თანამშრომლად ვმუშაობდი ერთი წლის განმავლობაში და პარალელურად მოსწავლეებს ვამზადებდი უცხო ენაში.
და მაინც, რაში სჭირდება სტუდენტს ფული, თუ სწავლას სახელმწიფო უფინანსებს?! სტუდენტობა განსაკუთრებით რთულია მათთვის, ვინც არ ცხოვრობს იმ ქალაქში, სადაც განათლებას იღებს. არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი და თანხები სჭირდება სახლის ქირისა თუ გირის დასაფარად, კომუნალური გადასახადებისთვის, საკვებისა თუ მგზავრობისთვის. უწევს ადაპტირება ახალ ქალაქში, განსხვავებულ რეალობაში. გვანცა კანდელაკი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და სასწავლებლად რეგიონიდან ჩამოვიდა დიდ ქალაქში. ინტერვიუში მკაფიოდ გაამახვილა ყურადღება სტუდენტის პასუხისმგებლობაზე საკუთარი თავის მიმართ და შრომისუნარიანობაზე: -ყველაზე მეტად სტუდენტს სჭირდება შემოსავალი. სრულწლოვანი ხდები, სწავლობ დამოუკიდებლად ცხოვრებას და გადაწყვეტილებების მიღებას. სტუდენტი პასუხისმგებელია საკუთარი თავის მიმართ, რადგან მისი ასაკი აღარ აძლევს საშუალებას, მშობლისგან ითხოვოს ყველანაირ საკითხში დახმარება, ეს იქნება საკვები, ჩასაცმელი თუ უბრალოდ მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად სახარჯი თანხა. მთავარია დროის სწორი მენეჯმენტი. სწავლისა და სამსახურის შეთავსება და აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა ადრე თუ გვიან. იმის მიუხედავად, რომ უნივერსიტეტი გვაძლევს საშუალებას სწავლის განრიგი თავად შევადგინოთ, არ ნიშნავს, რომ სწავლისა და სამსახურის შეთავსება მარტივად შეიძლება. რთულია სალექციო დრო ისე გადაანაწილო, რომ დღის ერთი მონაკვეთი თავისუფალი გქონდეს. მუდმივი სამსახური უშუალოდ ჩემთვის დაბრკოლებად იქმნება და მიწევს არჩევნის გაკეთება: ან სრულფასოვნად სწავლის მიღება ან სამსახური, რომელიც თანხებისთვის გჭირდება. -როცა დილიდან საღამომდე გაქვს სემინარები და გვიანობამდე ვერ მიდიხარ სახლში, შეუძლებელია არ მოგშივდეს. ერთ საგანში, სულ მცირე, სამი წიგნით სწავლობ, გჭირდება საკანცელარიო ნივთებისა და წიგნების შეძენა, ქსეროქსების გაკეთება. შესაძლოა, ვინმემ თქვას: , , pdf ფაილებიდან ისწავლე და ქსეროქსებში თანხა არ დახარჯოო“, მაგრამ მასალა იმდენად ბევრია, რთულია მთელი ღამე ეკრანს უყურებდე, თვალები და თავი არ აგტკივდეს, არ დაიძაბო და ისე სწავლობდე მასალას, - აღნიშნა არაბისტიკის მეორე კურსის სტუდენტმა თიკო გოგოხიამ.
სად შეიძლება იმუშაოს სტუდენტმა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუსრულებია თავისი პროფესიით სწავლა? ახალგაზრდა, გამოუცდელი ადამიანისათვის რთულია სასურველი სამსახურის მოძებნა, რომელიც მის პროფესიასთან იქნება კავშირში. აქვე აღვიშნოთ, რომ გამოცდილებას მინიმუმ 2 წელს უთითებენ. სტუდენტს უწევს დათანხმდეს ისეთ რთულ და მძიმე სამუშაოს, როგორიცაა კერძო მაღაზიებში , , მერჩენდაიზერობა“ ან პრომოუტინგი კომპანიებისათვის. ეს უკანასკნელი დროებითია და ხანგრძლივობა ბევრად ნაკლებია. შესაძლოა ორი კვირით ან სულაც რამდენიმე დღით განისაზღვროს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორია სტუდენტის ეკონომიკური მდგომარეობა. ფაქტია, სამსახურის მოძიების აუცილებელ პირობას გარემოება და საჭიროებები ქმნიან, თანაც ისეთი სამსახურის, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს სტუდენტის მომავალ პროფესიასთან.

#სწავლა #სტუდენტურიცხოვრება #სტუდენტები #სამსახური #study #work #studentlife #სიახლე #სიახლეები #ფაქტები #ფაქტი

0