ვლადიმერ პუტინის რეჟიმი იყენებს ყველა საშუალებას ძალაუფლების გადარჩენისთვის, - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი. ამის შესახებ მან ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მე მოსკოვში ჩავედი ორი მიზნით: პირველი - რომ შეშფოთება გამომეხატა ნავალნის საქმესთან და დემონსტრანტების დარბევასთან დაკავშირებით. მეორე - მომეძებნა რუსეთთან პოზიტიური დღის წესრიგის შესაძლებლობები. თუმცა მათი აგრესიული რეაქცია აჩვენებს, რომ ისინი დემოკრატიულ ღირებულებებს არსებით საფრთხედ განიხილავენ. როგორც კი მათთან დაიწყებ ადამიანის უფლებების განხილვას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ნავალნის საქმეს, ისინი ყველა სახის პოზიტიურ მიდგომას ბლოკავენ. ჩემი აზრით, რუსეთი შორდება ევროკავშირს. პუტინის რეჟიმი იყენებს ყველა საშუალებას მათ შორის დეზინფორმაციას ძალაუფლების გადარჩენისთვის და ოპოზიციასთან საბრძოლველად. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ რუსეთს არ სურს ევროკავშირთან თანამშრომლობა, რადგან ჩვენ, რასაც წარმოვადგენთ - ლიბერალურ ფასეულობებსა და დემოკრატიას, მათ მიერ ნამდვილად მიჩნეულია არსებით საფრთხედ“, - განაცხადა ბორელმა.
მისივე თქმით, ამ საკითხში ევროკავშირსა და მის წევრებს ერთიანობა და სიმტკიცე სჭირდებათ.
„ვფიქრობ რუსეთს კონფრონტაციის კურსი აქვს არჩეული და ამ კურსის წინაშე ჩვენ გვჭირდება სამი რამ: პირველია - რუსეთზე ზეწოლის მოხდენა, როდესაც ის არღვევს საერთაშორისო ან ჰუმანიტარულ სამართალს, მეორე - რუსეთის შეკავება, როცა ის ჩვენზე წნეხს ზრდის, მათ შორის დეზინფორმაციის და კიბერთავდასხმების საშუალებით და მესამე - მიუხედავად ყველაფრისა, ჩართულობა გარკვეულ სფეროებში, სადაც ჩვენი ინტერესია“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
დიპლომატი კონკრეტულ ქმედებებსაც ასახელებს, ესენია - სანქციები, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და უფრო მეტი ძალისხმევა დეზინფორმაციისა და კიბერთავდასხმების მოსაგერიებლად.
„ჩვენ სამეზობლოში ქვეყნებს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა გაუმკლავდნენ რუსეთის წნეხს. ჩვენი სამეზობლოა ბელარუსიდან დაწყებული კავკასიით დამთავრებული“, - აღნიშნა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#GeorgiaDaily
#ევროკავშირი