რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, საქმიანობა 5 792 ობიექტს შეუჩერდა, 10 კი დაჯარიმდა

Tbilisi Daily

იზოლაციისა და კარანტინის დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების ამოქმედების შემდეგ, 24 518 ობიექტი შემოწმდა და ჯამში 10 ობიექტია დაჯარიმებული, ხოლო 5 792 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „4-6 დეკემბრის მონაცემებით, 1 986 ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 1900 მათგანს ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა წესების დაცვასთან დაკავშირებით, 3 ობიექტი დაჯარიმდა. ასევე უკვე შემოწმებული ობიექტების რემონიტორინგი განხორციელდა, თუ რამდენად ჰქონდათ მათ შეზღუდული ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც მთავრობის დადგენილებით დროებით შეჩერებულია. გადამოწმდა 3 036 ობიექტი და დადასტურდა, რომ მათ ნამდვილად შეაჩერეს ეკონომიკური საქმიანობა“ - განაცხადა ბექა ფერაძემ.