კაზაკები, როგორც პოლიტიკური იარაღი პუტინის რეჟიმის პირობებში
Interworld
2018 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციაში კაზაკთა საერთო რაზმი ჩამოყალიბდა (Единое казачье войско) და ამ ორგანიზაციის ლიდერს პირდაპირ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ნიშნავს თანამდებობაზე.
რუსეთის მთავარ საკათედრო ტაძარში შედგა კონგრესი, სადაც 5000-მა მიწვეულმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა და ამ კონგრესზე შეიქმნა საერთო რუსული კაზაკთა საზოგადოება.
ზემოხსენებულ საზოგადოებას ჩამოყალიბებული სტრუქტურა, მართვის ორგანო და დამატებით სხვა ინსტიტუტები გააჩნია.
ოფიციალურად (ფორმალურად) ამ გაერთიანების დაარსების მთავარი მიზნებს შორისაა - ეთნო-კულტურული ტრადიციების შენარჩუნება, პატრიოტიზმი, არსებული სისტემისადმი ლოიალურობა და ა.შ. რაც შეეხება ორგანიზაციის ლიდერს, იგი 6 წლის ვადით ინიშნება.
ვინ არიან კაზაკები?
დასავლეთში და თვით რუსეთშიც, გარკვეული პერიოდის მანძილზე, კაზაკებს დიდ ყურადღება არ ექცეოდა. მათ აღიქვამენ, როგორც „ჰოლივუდური მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირებს მათი ცხოვრების წესის, ჩაცმულობის და რევანშისტული განწყობების“ გამო.
კაზაკები ისტორიულად რუსეთის იმპერიის მოსაზღვრე პროვინციებში ცხოვრობდნენ და შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. ბუფერულ ზონას ქმნიდნენ. „ისინი არიან თავისუფალი და ველური მეომრები“ - ყოველ შემთხვევაში მათ ასე აღიქვამენ.
ისინი ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდნენ რუსეთის იმპერიისათვის. წარსულს ახსოვს ბევრი ეპიზოდი, როდესაც კაზაკები მეფის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, რაც ხშირად სისხლიანი დაპირისპირებით ან რევოლუციის განხორციელების მცდელობით სრულდებოდა.
მეფის ხელისუფლება მუდმივად ებრძოდა კაზაკებს და ცდილობდა მათ შესუსტებას ან/და განდევნას. ხშირ შემთხვევაში, კაზაკები ამ დაპირისპირების შედეგად ისინი იმპერიიდან გარბოდნენ და მოსაზღვრე ან მეზობელ ტერიტორიებზე სახლდებოდნენ.
თვით სიტყვა „კაზაკის“ ეტიმოლოგიაზე რუსეთში ისტორიკოსები დღემდე დაობენ. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი მათ შესახებ ზუსტი ინფორმაცია, მათი წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების თაობაზე.
ერთ ერთი ვერსიით - სიტყვა კაზაკი არის ძველი თურქული სიტყვა და ნიშნავს „თავისუფალ ადამიანს“.
კაზაკთა იდენტიფიკაცია შესაძლებელია ჩაცმულობით, მათ მიწებზე დამყარებული წესრიგით, სარწმუნოებით, დიალექტით და ასევე „დაუმორჩილებელი ცხოვრების წესით“.
იმის მიუხედავად, რომ მათი დახმარებით ბოლშევიკებმა რუსეთის სამოქალაქო ომი მოიგეს და ხელისუფლებაში მოვიდნენ, მოგვიანებით, „წითლებმა“ მათი დევნა და განადგურება დაიწყეს.
ჩრდილოეთი კავკასიიდან შორეულ აღმოსავლეთამდე ძირითადად
მოსაზღვრე კონკრეტული ტერიტორიები კაზაკებს ეკუთვნოდათ და ცნობილი იყო როგორც ე.წ. „კაზაკთა მიწები“.
იმის შიშით, რომ კაზაკები ერთ დღეს მოითხოვდნენ თავიანთ მიწებს ან იქ შექმნიდნენ რაიმე პოლიტიკურ ერთეულს, მათი მასობრივი დევნა დაიწყეს და საკონცენტრაციო ბანაკებში განათავსეს, ხოლო მათ მიწებზე გადმოასახლეს ეთნიკური რუსები და იმპერიაში შემავალი სხვა ერები.
მოგვიანებით ამას მოჰყვა ის, რომ 1990 წლებში კაზაკთა რიცხვი გაორმაგდა. მათ რიგებში ეწერებოდნენ სულ ახალი წევრები/მოხალისეები. (რეალურად მათ არაფერი საერთო ჰქონდათ კაზაკებთან, მაგრამ მათ ხარჯზე ჩამოყალიბდა კაზაკთა ახალი თაობა, ე.წ. ნეო-კაზაკები).
ახალი თაობა და რეჟიმთან ურთიერთობა
როგორც ზემოთ ვახსენე, კაზაკების საკითხი მუდმივი პრობლემა იყო რუსული რეჟიმისთვის. ეს იყო როგორც მეფის რუსეთის ხანაში, ასევე ახლაც პუტინის რეჟიმის პირობებში. მთავრობა ერთდროულად დევნის და იყენებს კაზაკებს როგორც პოლიტიკურ იარაღს.
მთავარ მიზანს კაზაკების დისკრედიტაცია და მათ წინააღმდეგ მოსახლეობის უარყოფითად განწყობა წარმოადგენს. შედეგად ჩამოყალიბდა კიდევ ერთი ახალი თაობა ე.წ. „ფსევდო-კაზაკები“, ანუ პუტინმა შექმნა ფსევდო კაზაკების რაზმები, რომელთაც არაფერი საერთო აქვთ ნამდვილ კაზაკებთან, გარდა ჩაცმულობისა და შეიარაღებისა.
მათი გამოყენება ხდება შემდეგნაირად:
1. რუსეთის მთავრობამ გამოყო $1 მლნ. ფსევდო კაზაკების დასაფინანსებლად, რის შემდეგაც მათ ჩამოაყალიბეს ე.წ. ხალხის მტრების (enemies of the people) სიები და სიებში შევიდნენ რეჟიმისადმი არასასურველი ადამიანები.
2. კაზაკების გამოყენებით მოსკოვი ლობირებს არაპოპულარულ პოლიტიკას, მაგალითად ყველასთვის კარგად ცნობილ საპენსიო რეფორმას და ა.შ.
3. კაზაკებს აგზავნიან იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოადგენენ ეთნიკურად არარუსები და ადგილზე ხდება მიტინგების დარბევა და მოსახლეობის დაშინება.
4. მოსკოვში არ გამორიცხავენ, რომ ახლო მომავალში შესაძლოა სასამართლოების და რიგი სახელმწიფო ობიექტების დაცვად დაინიშნონ შეიარაღებული კაზაკები.
კაზაკები, როგორც წესრიგის შენარჩუნების მთავარი იარაღი
პუტინის მიერ კაზაკების „საქმეში ჩართვის“ ყველაზე კარგი და უხეში მაგალითი 2018 წლის 5 მაისის დემონსტრაციაა. იმ დღეს რუსეთის დიდ ქალაქებში ძირითადად ახალგაზრდები გამოვიდნენ ქუჩებში ლოზუნგებით „ის არ არის ჩვენი მეფე“ (Он нам не Царь).
პროტესტის მთავარი მიზეზი იყო პუტინის საშინაო პოლიტიკა, მედიის თავისუფლება და ოპოზიციონერების დევნა. სულ მალე მიტინგის ადგილას გამოჩნდნენ კაზაკები 40-50 ადამიანის ოდენობით და დაიწყეს მშვიდობიანი მომიტინგეების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მაშინ გაურკვეველი იყო თუ ვისი დაკვეთით გამოჩნდნენ იქ ეს რაზმები, რადგან არც მოსკოვის მერიას ჰქონდა გაკეთებული რაიმე სახის განცხადება, თუმცა ბოლოს გაირკვა, რომ ამის უკან იდგა ხელისუფლება.
მოსკოვის მერია უკვე 4 წელია აფორმებს კონტრაქტებს კაზაკებთან და წვრთნის მათ წევრებს სპეციალურ ადგილებში, ხოლო მათი მთავარი დანიშნულება არის წესრიგის შენარჩუნება და საჭიროების შემთხვევაში პოლიციისათვის დახმარების გაწევა. ასე რომ 2016-2018 წლებში კაზაკთა ცენტრალურმა საზოგადოებამ მოსკოვის ეროვნული პოლიტიკის დეპარტამენტიდან მიიღო 16 მლნ. რუბლი. ამ ორგანოს ხარჯების 10% მოდის კაზაკების დაფინანსებაზე. 2015 წლიდან საზოგადოებებისათვის გამოყოფილია 125 მლნ. რუბლი.
კიდევ ერთი ფაქტი რაზმების „უხეში გამოყენების“ შესახებ არის 2014 წელს ორგანიზაცია Pussy Riot-ის წევრებზე თავდასხმა.
როგორც ამ ორგანიზაციის აქტივისტები აცხადებენ თავდასხმის დროს პოლიცია მათ შორიდან უყურებდა და ინციდენტში არ ერეოდა.
კაზაკების დისკრედიტაცია და მათი გაყოფა ნამდვილ და ფსევდო კაზაკებად პირველ რიგში ხელს უწყობს კრემლს, რადგან მათი გამოჩენა პოლიტიკურ არენაზე ბევრ პრობლემას უქმნის რეჟიმს, ხოლო მათი დაყოფით და მიტინგების დარბევით პრობლემებსაც ირიდებს და მათ მიმართ მოსახლეობის განწყობაზეც რეაგირებს.
დღესდღეობით კრემლისთვის მთავარ თავის ტკივილს კაზაკების მიერ მათი ე.წ. ისტორიული მიწების აღდგენა და ფორმირება და მათი ერად შესაძლო ჩამოყალიბება წარმოადგენს. შესაბამისად, სხვადასხვა მეთოდებით აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა მათ წინააღმდეგ.
მომზადებულია ქამრან ოსმანლის მიერ.
#Kazakhs #Russia #policy #inter
world