კვიპროსის თემა ანკარასთვის „ეროვნული საკითხია“ - თურქი მინისტრი
Interworld
თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის განცხადებით, კვიპროსი ოფიციალური ანკარისთვის „ეროვნული საკითხია“ და ისინი მზად არიან გააკეთონ ყველაფერი ის, რაც კვიპროსელი თურქების მხარდასაჭერად იქნება საჭირო.
„ყველას უნდა ესმოდეს, რომ კვიპროსი ჩვენი „ეროვნული საკითხია“, თურქი კვიპროსელები ჩვენი ძმები არიან. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი კვიპროსელი ძმების უფლებები და ინტერესები“, - განაცხადა აქარიმ ოთხშაბათს, 29 ივლისს.
კვიპროსის კუნძული სიახლოვეს არსებული ნახშირწყალბადების პოტენციური რეზერვების გამო, ბოლო პერიოდში თურქეთს, საბერძნეთსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები გამწვავდა.
ზოგადად კვიპროსის კუნძული 1974 წელს ორ ნაწილად გაიყო - ერთი არის ოფიციალური ათენის მიერ მხარდაჭერილი, საერთაშორისო დონეზე აღიარებული რესპუბლიკა, ხოლო მეორე (ჩრდილოეთ ნაწილში), ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელსაც ოფიციალური ანკარა უჭერს მხარს და პოლიტიკურ სუბიექტად აღიარებს.
თურქეთის რესპუბლიკას ამ კუნძულის დასავლეთ სანაპიროებთან ენერგორესურსების საძიებო-საბურღი სამუშაოების სისტემური განხორციელება სურს იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულს როგორც საბერძნეთი და კვიპროსის რესპუბლიკა, ასევე ევროკავშირის მტკიცედ ეწინააღმდეგებიან, რადგან დაგეგმილი საქმიანობა საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოს ე.წ. ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში (Exclusive Economic Zone – EEZ) ოპერირებასაც მოიცავს.
სამშაბათს, 28 ივლისს, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ნეო-ექსპანსიურ პოლიტიკას ატარებს, რითაც საერთაშორისო სამართალს არღვევს.
„ოფიციალური ათენი ანკარასთან ყოველთვის გახსნილი დიალოგის მომხრეა და ეს არ უნდა მოხდეს მუქარის, შეურაცხყოფისა და მსგავსი ტიპის ესკალაციის პირობებში“, - აღნიშნა დენდიასმა.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Turkey #Greece #Cyprus #EEZ #national #cause #interworld
______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#ახალიამბები
#პოლიტიკა