უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ყოველდღიურად ფრონტზე 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ყოველდღიურად რუსეთის წინააღმდეგ ომში 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება.  "ფრონტზე ვითარება რთულია. ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ მოკლულის სახით 100-მდე და დაჭრილის სახით 500-მდე ჯარისკაცს. კრემლი აგრძელებს თავისი მასით ზეწოლას, ბუქსაობს, რადგან აწყდება ძლიერ წინააღმდეგობას, განიცდის დიდ დანაკარგს. მაგრამ მას ჯერჯერობით შესწევს წინსვლის ძალა ფრონტის ცალკეულ უბნებზე", - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი თავის ფეისბუკში. მებრძოლი მხარეები თავიანთი დანაკარგების შესახებ იშვიათად ავრცელებენ ცნობებს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ მარტში აღიარა უკრაინაში თავის 1500-მდე სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა. ამის შემდეგ რუსეთს აღარ გამოუქვეყნებია მონაცემები დანაკარგების შესახებ. აპრილის შუა რიცხვებში, ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ უკრაინის არმიამ დაახლოებით 2500-3000 ჯარისკაცი დაკარგა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დაახლოებით 10 000-მა მებრძოლმა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა მიიღო. ივნისის დასაწყისში ზელენსკიმ მოსახლეობას აცნობა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების დროს ყოველდღიურად 60-100 უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში ყველაზე რთული სიტუაცია სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკშია შექმნილი.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31890756.html

Source: radiotavisupleba.ge