პარლამენტი 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის განხილვას იწყებს

0
მთავრობამ 2020 წლის კორექტირებული ანტიკრიზისული ბიუჯეტი წარმოადგინა და ბიუჯეტის კანონის პროექტი პარლამენტშია დარეგისტრირებული. დღეიდან საკანონმდებლო ორგანო მის საკომიტეტო განხილვებს დაიწყებს. კომიტეტებზე პროექტის განხილვა დღეს იწყება და 17 ივნისს დასრულდება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, , ირაკლი კოვზანაძის, თქმით, 26 ივნისამდე კანონპროექტი დამტკიცდება. „ჩვენმა კომიტეტმა მოამზადა განხილვის შესაბამისი გრაფიკი, პარლამენტის რეგლამენტიდან და საბიუჯეტო კოდექსიდან გამომდინარე. ბიუჯეტი დაგეგმილი არის მთლიანი შიდა პროდუქტის მინუს 4 პროცენტიან შემცირებაზე. ხარჯები ასიგნებების ნაწილში აღწევს 15 მილიარდ 928 მილიონს, ხოლო დეფიციტი არის 8, 5 პროცენტზე. ბიუჯეტში ჩადებულია ყველა პროგრამა, რომელიც აქამდე იყო გამოცხადებული ანტიკრიზისული პროგრამიდან გამომდინარე. ასევე არის ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებდა ხარჯების შემცირებას 600 მილიონის ფარგლებში. გრაფიკიდან გამომდინარე, ხვალ უკვე შესაძლებელია კომიტეტებმა დაიწყო განხილვა. პირველი კომიტეტი არის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და მთელი მომდევნო კვირა, ერთი კვირის განმავლობაში, ეს განხილვები იქნება. შემაჯამებელი სხდომა არის უკვე 17 ივნისს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით, შენიშვნებით გადაეგზავნება მთავრობას და ვფიქრობთ, 26 ივნისამდე სესიაზე დავამტკიცოთ უკვე კანონპროექტი. ბუნებრივია, გრაფიკში ჩართული არის ნებისმიერი ფრაქცია, რომელსაც ამისი განხილვის სურვილი აქვს, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციური ფრაქციები“, – ამბობს ირაკლი კოვზანაძე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ შესაბამის კომიტეტებში 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი შეფერხებების გარეშე განიხილება. მან მოუწოდა დეპუტატებს, სფეროების მიხედვით ამომწურავად განიხილონ ცვლილებები. „პარლამენტში შემოსულია საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. რეალურად ეს არის ანტიკრიზისული ბიუჯეტი, რომელიც დღეს საზოგადოებას წარუდგინა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ის უკვე საქართველოს მთავრობის მხრიდან შემოტანილია პარლამენტში. იმედი მაქვს, შეფერხების გარეშე მოხდება შესაბამის კომიტეტებზე ამ ცვლილებების განხილვა და ასევე, ყველას მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ჩაერთოთ ამ პროცესში და სფეროების მიხედვით ამომწურავად იყოს განხილული, რა ცვლილებები შედის ბიუჯეტში. ეს პირდაპირ ეხება ჩვენი მოქალაქეების სოციალურ კეთილდღეობას, ასევე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებას, რადგან სწორედ ამ ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა და საფუძველი უნდა მისცეს უკვე 2021 წელს ეკონომიკის აღდგენას და ეკონომიკური ზრდის დაბრუნებას, რომელიც გვქონდა კოვიდინფექციის დაწყებამდე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
0