ქობულეთში შურისძიების მოტივით კაცი დაჭრეს
Tbilisi Daily
ანგარიშსწორება წარსულში მომხდარი შემთხვევისთვის. ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსის მამუკა ხაბაზის ძმა, გავრცელებული ინფორმაციით, შურისძიების მოტივით გუშინ დაჭრეს. ექიმების ინფორმაციით, მას ჭრილობა ფეხის არეში ჰქონდა მიყენებული და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. მათივე თქმით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სახლში აგრძელებს მკურნალობას. როგორც "თბილისი დეილისთვის" გახდა ცნობილი, დაახლიებით 10 წლის წინ, დაჭრილი ჩხუბში მონაწილეობდა, რა დროსაც ადამიანი გარდაიცვალა. დაჭრილი 5 წლის განმავლობაში პატიმრობაშიც იმყოფებოდა. გარდაცვლილის ნათესავმა კი გადაწყვიტა შური ეძია 10 წლის წინ მომხდარის გამო. დამნაშავე ამ დრომდე არ არის დაკავებული. ქობულეთში იმასაც ამბობენ, რომ იგი ცნობილი გვარის წარმომადგენია და გაბლენები აქვს. ფაქტზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და "სისხლის სამართლის კოდექსის" 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.