რუსეთმა შესაძლოა, საზღვრები დაკეტოს მობილიზაციისგან გამქცევთა შესაჩერებლად
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალოს მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან. ამის შესახებ რამდენიმე დამოუკიდებელი მედიასაშუალება იუწყება ანონიმურ, მათ შორის კრემლსა და უშიშროების ფედერალურ სამსახურთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით. პირველ ყოვლისა, საუბარია მამაკაცებზე, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის მიერ 21 სექტემბერს გამოცხადებულ „ნაწილობრივ მობილიზაციას“ ექვემდებარებიან.
გამოცემა „Важные истории“-ს ინფორმაციით, რუსეთიდან გასვლის აკრძალვის გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს, 26 სექტემბერს გამოცხადდეს. „Медуза“-ს ორი წყარო სავარაუდო თარიღად 28 სექტემბერს ასახელებს, ხოლო „Вёрстки“ – 30 სექტემბერს. „Ходорковский LIVE“ ამტკიცებს, რომ ქვეყნიდან გასვლას აუკრძალავენ სამხედრო სამსახურში გაწვევის ვალდებულების მქონე ქალებსაც, მაგალითად, ექიმებს.
რუსული გამოცემების თანახმად, პუტინის ხელისუფლება შეშფოთებულია ქვეყნიდან გასული მამაკაცების რაოდენობით. წყაროთა თანახმად, საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილებას ამ კვირის დასაწყისში განიხილავენ რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობის და დუმის წარმომადგენლები.
21 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით. მათ შორის, ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთავ საზღვარზე. რუსეთის ქალაქებში დაიწყო საპროტესტო გამოსვლებიც. პოლიცია აქციებს ძალის გამოყენებით შლის და მონაწილეებს აკავებს.
პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურში 300 ათას რეზერვისტს გაიწვევენ. გამოცემა "Новая газета" რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინის განკარგულების გასაიდუმლოებული მუხლი მილიონი ადამიანის გაწევევას ითვალისწინებს. რუსეთში ახლახან მიღებული კანონით, გაწვევისთვის თავის არიდება ათი წლით პატიმრობას ითვალისწინებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32051948.html
Source: radiotavisupleba.ge