რა ჩვევებს უნდა დავემშვიდობოთ?

0
ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად რაღაც იცვლება და ახალი რიტუალები ჩნდება. მეცნიერების განმარტებით, სულ რაღაც 20 წლის წინ რომ გვენახა ადამიანი, რომელიც ქუჩაში მარტო მიდის, ხმამაღლა საუბრობს და ამ ყველაფერს ჟესტებით „აფორმებს“, აუცილებლად გვერდს ავუქცევდით. დღეს უკვე უკაბელო კავშირი საკუთარ ტელეფონთან ჩვეულებრივი მოვლენაა. მიმდინარე პანდემიამ კითხვის ნიშნები არაერთ ჩვევას დაუსვა. მათ შორის არის ხელის ჩამორთმევის კულტურა, რაც მისალმების თანმხლები ქმედება იყო. დღეს უკვე ასე თითქმის აღარავინ იქცევა. შეიძლება ვაცნობიერებთ, რომ ხელის ჩამორთმევა საშიში გახდა, მაგრამ ერთგვარს დისკომფორტს ეს სიტუაცია თითქოს მაინც ქმნის. ინდური სტარტაპი Colive-ი მომხმარებლებს თავიანთი პირველი დამოუკიდებელი საცხოვრებლის პოვნაში ეხმარება. როგორც წესი, აქ საუბარია თანამედროვე ბინებზე, რომელთაც საერთო სამზარეულო და ცალკე ოთახები აქვთ. მსგავს ადგილებში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. როგორც წესი, ესენი სტუდენტები არიან. კარანტინის დაწყებისთანავე Colive-ის წარმომადგენლებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ რა დააკლდათ მათ კლიენტებს ყველაზე მეტად. აღმოჩნდა, რომ ეს არის მისალმების დროს ტრადიციული და გულთბილი ხელის ჩამორთმევა და ჩახუტება, რაც მხოლოდ ერთმა სიტყვამ ჩაანაცვლა - "გამარჯობა". ბრიტანულმა საინვესტიციო და სადაზღვევო კომპანია Legal & General– მა მოამზადა მოხსენება (ორი ათასი ადამიანის გამოკითხვის საფუძველზე), რომლის მიხედვითაც კარანტინის გამოცხადების შემდეგ, ადამიანებმა ხარჯები ოთხ მთავარ კატეგორიად დაჰყვეს: საკვები, ალკოჰოლი, ონლაინ-გასართობი და ჰობი. ამ მიმართულებით გამოკითხულმა რესპონდენტებმა 10% - ით მეტის დახარჯვა დაიწყეს, ვიდრე - კარანტინამდე პერიოდში (საშუალოდ 107 ფუნტი კვირაში). Legal & General-ის კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ზრდასრულებმა ინდივიდუალური სპორტული დატვირთვის (როგორც წესი, აქ საუბარია პარკში სირბილზე) ხანგრძლივობა საშუალოდ 20 წუთით გაზარდეს, ვიდრე ეს კარანტინამდე ხდებოდა. ვიდეოზარებით კომუნიკაციის წილმა კი დღის წესრიგში კვირაში 2 საათზე მეტით მოიმატა. ბრიტანულმა რეგიონულმა გამოცემამ New Post Leader- მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც ინტერნეტ-პროვაიდერმა Hyperoptic-მა ჩაატარა. გამოიკითხა 2 ათასამდე ადამიანი და ამის მიხედვით, ბრიტანელებში 50 ყველაზე პოპულარული საკარანტინო საქმიანობის ჩამონათვალი შედგა. პირველი სამი ადგილი სერიალების ყურებამ, ონლაინ-შოპინგმა და ნათესავებთან ვიდეოკონფერენციებმა დაიკავა. 23-ე პოზიციაზე - ზოოპარკში ვირტუალური მოგზაურობა , 27-ე ადგილზე - ფილმების ყურება მეგობრებთან ერთად (თითოეული თავის ბინაში), 49-ე და 50-ე პოზიციაზე კი - სხვისი ქორწილებისა და დაკრძალვების ყურება (კვლევაში მითითებული არ არის, კონკრეტულად როგორ) აღმოჩნდა.
0