ზოგი [მეოთხე სართულიდან] გადახტომას ცდილობდა - ბადრი ესებუას საქმის მოწმე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. მაკა კილაბერია, რომელიც ბანკში 2015 წლიდან მუშაობდა, ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც თავდამსხმელის შეჭრის დროს შენობაში იყო. ის სასამართლომ დღეს, 20 მარტს დაკითხა. "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალს სამი სართული აქვს, კილაბერია ამ შენობის მეორე სართულზე მუშაობდა. მან სასამართლოს უთხრა, რომ თავდამსხმელი იმ დროს შევიდა შენობაში, როცა ის დასასვებელად გასვლას აპირებდა. "დღის მეორე ნახევარი იყო, შესვენებაზე გავდიოდი. სამის ნახევარი თუ რაღაც პერიოდი იყო. კიბეებზე ჩავდიოდი, რა დროსაც შემომესმა ხმაური, ჩოჩქოლი იყო, თანაშრომლების ყვირილი. ჩასვლა ვერ მოვასწარი, თანამშრომელი შემხვდა და მითხრა, რომ ყაჩაღია იარაღით - ქვემოთ აღარ ჩავედი, ვერანდისკენ წავედი. სხვა თანამშრომლებმა ჩვენგან გაიგეს: მეორე და მესამე სართულზეც არის სამუშაო სივრცე. მესამე სართულის ზემოთ არის ვერანდა", - თქვა მოწმემ. ბანკის თანამშრომელს სთხოვეს გაეხსენებინა ის ემოციები, რომელიც იმ დღეს მან განიცადა. "დღემდე მომყვება სტრესი და დღე არ გავა, რომ არ გამახსენდეს. არ მახსოვს, რა პერიოდი ვიყავით. არ ვიცოდით რას იზამდა. დროის აღქმაც კი დავკარგე, ყველა ერთად ვყვიროდით. ზოგმა გადახტომაც კი სცადა. ბიჭები აჩერებდნენ, რომ [საავარიო] კიბეებზე არ ჩასულიყვნენ, ფეხი არ დაცურებოდათ. კიბეებს უკანა საყრდენი არ ჰქონდა, ძალიან სახიფათო იყო ჩამოსვლა - ზოგს ფეხი უკანკალებდა... დიდი ხანი ვერ შევძელი ჩასვლა, ფეხები მიკანკალებდა - რამდენიმე ჩავიდა, ზოგი ფეხშიშველი, ფესაცმელი გადაყარეს... მე რომ ჩავედი, ისე მოვჭიდებივარ რკინის მოაჯირს, რომ ერთი კვირა გამაყუჩებლებზე ვიყავი, ხელებს ვერ ვამოძრავებდი..." - თქვა "საქართველოს ბანკის" თანამშრომელმა. საქმეზე მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. მასალა განახლდება https://www.radiotavisupleba.ge/a/32326037.html

Source: radiotavisupleba.ge