საია: ნიკა გვარამიას საქმეზე კითხვებს სასამართლო არც განაჩენში პასუხობს და იგი დაუსაბუთებელია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ნიკა გვარამიას საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ კითხვებს, (ბრალის წარდგენის, სასამართლო განხილვის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტებთან და მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით არსებობდა), სასამართლო არც განაჩენში პასუხობს. საია აცხადებს, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია, ხოლო სასამართლო სხდომის დარბაზში გამოკვლეული მტკიცებულებებით, "ქმედებაში არ იყო დანაშაულის ნიშნები". ე.წ 2015 წლის ეპიზოდი ამ ეპიზოდში, ნიკა გვარამიას და კახაბერ დამენიას ბრალად ედებოდათ 2015 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სარეკლამო შემოსავლების ხელოვნურად შემცირების გზით ტელეკომპანიისთვის განზრახ ზიანის მიყენება. საია-ს მოსაზრებით, 2015 წლის ხსენებულ პერიოდში რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენები, რეკლამის განთავსების წესის ცვლილება და მათი გავლენა კომპანიის მიერ შემოსავლის მიღებაზე სასამართლოს ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად არ აქვს შეფასებული. "მიგვაჩნია, რომ განაჩენი, ამ ეპიზოდთან მიმართებით ვერ აკმაყოფიულებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს", - წერს საია.   ე.წ ავტომანქანის ეპიზოდი სასამართლომ ამ ეპიზოდშიც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სცნო ნიკა გვარამია დამნაშავედ. ნიკა გვარამიას ბრალი ედებოდა იმაზე, რომ მან პირადი სარგებლობისთვის შეიძინა ავტომობილი შპს "პროესკო მედიასგან" და თანხის ანაზღაურება ხდებოდა კონტრაქტორითვის რუსთავი 2-ის სარეკლამო დროის ანაზღაურების შემცირების ხარჯზე. საია მიიჩნევს, რომ განაჩენის ამ ნაწილში მოსამართლის შეფასებები წინააღმდეგობრივია: "განაჩენში, მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით, მოსამართლე თავადვე აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას შეეძლო ავტომობილი პრემიის სახით მიეღო, მაგრამ როგორც სასამართლო განმარტავს მან დანაშაულებრივი სქემა არჩია, რაც მიგვაჩნია, რომ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და შესაძლებელია შეფასდეს როგორც ალოგიკური მსჯელობა". სასჯელის პროპორციულობა საია აცხადებს, რომ სასჯელის პროპორციულობის ნაწილში სასამართლოს მსჯელობა განსაკუთრებით დაუსაბუთებელია: "სასამართლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე საპატიმრო სასჯელის გამოყენების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ასახელებს იმას, რომ ბრალდებულს ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებით წინასწარ აქვს გაცხადებული პოზიცია, რომ არანაირ ჯარიმას არ გადაიხდის. სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდისგან თავის არიდების სამართლებრივ შედეგებს. ამავე კოდექსით დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისთვის ცალ-ცალკე". საიას პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამია არ არის წარსულში ნასამართლევი და გირაოს პირობებში მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის ან გირაოს პირობების დარღვევის ფაქტი არ დადასტურებულა, სასამართლომ შინაპატიმრობის გამოყენებაზე საუბრისას განმარტა, რომ აღნიშნული ვერ დააზღვევდა ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს: "გაუგებარია, თუ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო იყო დანაშაულის ჩადენის ნაწილში შემაკავებელი ხასიათის, სასჯელის სახით შეფარდებული, თუნდაც შინაპატიმრობა რატომ ვერ მოახდენდა აღნიშნული რისკის დაზღვევას". მოსამართლის აცილების საკითხი ორგანიზაცია, ასევე აცხადებს, რომ მოსამართლის აცილების საკითხზე არც განაჩენშია პასუხი გაცემული. ეს უკავშირდება საქმის განმხილველი მოსამართლის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელი ჰოლდინგის დირექტორთან, ზაზა გველესიანთან ახლო მეგობრობას. საია მიიჩნევს, რომ მოსამართლემ ვერ გააქარწყლა საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვები მისი მიკერძოებულობის თაობაზე. მოსამართლე განაჩენში აღნიშნავს, რომ "აცილების მოთხოვნა არ გამომდინარეობს სსსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი სამართლებრივი წინაპირობიდან, ამასთან სხვა გარემოების არსებობა/არარსებობის ფაქტი, რომელმაც შესაძლოა საეჭვო გახადოს მოსამართლის ობიექტურობა და მიუკერძოებლობა, უპირობოდ არ დგინდება მხოლოდ დაცვის მხარის სურვილით, მოსაზრებით ან ჰიპოთეტური დაშვებებით და მინიმუმ უნდა აკმაყოფილებდეს რაიმე ფაქტობრივ გარემოებაზე დაფუძნებულ სტანდარტს". "ამგვარი შეფასება აზრს მოკლებულია, მაშინ როდესაც კანონმდებლობა პირდაპირ უთითებს აცილების წინაპირობად - სხვა საეჭვო გარემოებაზე. რაც საზოგადოების აღქმიდან უნდა შეეფასებინა სასამართლოს და არა პირადი ხედვიდან გამომდინარე". საია მიიჩნევს, რომ ეს ჩრდილს აყენებს მთლიანად ამ საქმეზე მიმდინარე მართლმსაჯულებას.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31881733.html

Source: radiotavisupleba.ge