კრეატივისა და მონდომების შედეგი - გიუნელის მცირე ბიზნესი
Marneuli Daily
3 შვილის დედამ, გიუნელმა, სახლის პირობებში მცირე ბიზნესი საკუთარი ძალებით დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო. დაწყებისთანავე კრეატიულმა იდეამ მცირე დროის განმავლობაში ცნობილი გახადა და დღეს გიუნელი თავის ხელნაკეთ ნივთებს სოციალური ქსელის მეშვეობით ყიდის.
„სანამ დავიწყებდი ძალიან მეშინოდა და ვნერვიულობდი, რომ არა მეუღლე, ალბათ ვერ შევძლებდი“, - ამბობს გიუნელი.
27 წლის გიუნელ მამედოვა მარნეულში ცხოვრობს. ერთ-ერთ მოგზაურობის დროს, იგი თურქეთში სურნელოვანი ქვებისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთებით დაინტერესდა. როგორც თავად ჰყვება, მაშინვე მოუვიდა იდეა, მარნეულში დაბრუნებისთანავე ეს კრეატიული იდეა განეხორციელებინა.
„დასაწყისი ყოველთვის რთულია. ყველაფერზე ფიქრობ, ხალხს მოეწონება თუ არა, გამოვა თუ არა, სხვები რას მეტყვიან, შეკვეთებს მოვასწრებ თუ არა... ამ ყველაფერზე სულ ვფიქრობდი. მაგრამ, შემდეგ შევძელი. ოჯახის მხარდაჭერა ძალიან დიდია, ყველაზე დიდ მხარდაჭერას კი, მეუღლისა და დედის მხრიდან ვგრძნობ“, - ამბობს გიუნელი.
როგორც თვითონ ამბობს, დასაწყისში ძალიან რთული იყო თვითრეალიზება. საჭირო იყო კარგი რეკლამა და იმის დამტკიცება, რომ ეს ყველაფერი განსხვავებულია.
„კარგი ნამუშევრის მთავარი საიდუმლო საქმის სიყვარულით კეთებაა. ჩემს საქმეს მხოლოდ ღამის საათებში ვაკეთებ. ბავშვებს ვაძინებ და მერე სიწყნარეში შუაღამემდე ვმუშაობ. სირთულეები სულ იყო და ახლაც არის, მაგრამ ბედნიერებაა, როდესაც გრძნობ, რომ შრომობ და ამის შედეგსაც ხედავ“, - ამბობს გიუნელი.
მისი თქმით, სოციალური ქსელის მეშვეობით იგი დღემდე ყიდის თავის ხელნაკეთებს. დაინტერესება დღითიდღე მატულობს და თვითონაც უფრო განსხვავებულის კეთებას ცდილობს. სამომავლოდ გიუნელი საკუთარი ხელნაკეთების გამოფენისთვის მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.
წყარო : ფანჯარა