ეგვიპტის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სავარაუდო სამხედრო ინტერვენციას ლიბიაში
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ეგვიპტის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანმდებლო ცვლილებას შეიარაღებული ძალების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოყენების თაობაზე, რასაც წინ უძღოდა ეგვიპტის პრეზიდენტის მუქარა, რომ სამხედრო ოპერაციით უპასუხებს ლიბიაში მოქმედ თურქეთის მხარდაჭერილ შეიარაღებულ ჯგუფებს.
ეგვიპტელ კანონმდებელთა მიერ 20 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შესაძლოა, ერთმანეთს სამხედრო ძალით დაუპირისპირდნენ ლიბია და აშშ-ის მოკავშირე თურქეთი, რომელიც ლიბიის სამოქალაქო კონფლიქტში მხარს უჭერს გაეროს მიერ აღიარებული, ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობას.
ფაიზ სარაჯის მთავრობას სასტიკად უპირისპირდება ქალაქ ტორბუკში დაფუძნებული პარლამენტი და შეიარაღებული მეამბოხეები გენერალ ხალიფა ჰაფტარის მეთაურობით. მოპირისპირე ბანაკს ამა თუ იმ ფორმით მხარს უჭერენ რუსეთი, ეგვიპტე და არაბეთის გაერთიანებული საამირო.
ეგვიპტის პარლამენტმა, სადაც დომინირებენ ქვეყნის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის მომხრეები, ორშაბათს ერთხმად დაუჭირა მხარი ჯარების საზღვარგარეთ გაგზავნას, „ეგვიპტის ეროვნული უსაფრთხოების დაცვისა“ და „საერთაშორისო ტერორისტებისა და კრიმინალური ელემენტების“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
ლიბიის ხელისუფლებისთვის შეიარაღებული ბრძოლა 2011 წელს, მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ, დაიწყო.
ლიბიაში ხანგრძლივი ზავის მიღწევისა და სამოქალაქო ომის დასრულებისკენ მიმართული საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა ჯერჯერობით მიზანს ვერ აღწევს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30739224.html
#ახალი_ამბები
#twitter