შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრუწლოვნის, ზ.ხ-ს მამა შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე აცხადებს, რომ მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს და ექსპერტ-კრიმინალისტებმა საცხოვრებელი ბინიდან წაიღეს მისი კუთვნილი ტელეფონი, კომპიუტერი და თავდაცვის სამინისტროს საბუთი.
თამაზ ხომასურიძის განცხადებით, სამართალდამცველები მასთან სახლში დილით 10 საათზე მივიდნენ.
„ჩემზე უკვე ზეწოლა წამოვიდა, ჩემი გაჩერება შესაძლებელია მხოლოდ დაკავებით და რაღაცას იმიზეზებენ, რომ დამაკავონ. იციან, რომ რაღაც ინფორმაციას ვფლობ. შსს-ში დამიბარეს სატელევიზიო ეთერში გუშინ გაკეთებული განცხადების გამო. მე ეთერში არ მითქვამს, რომ მირიან ნიკოლაძის ლიკვიდაციაა დაგეგმილი, ვთქვი, რომ განაჩენია გამოტანილი“, - განაცხადა თამაზ ხომასურიძემ, რომელიც შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა.
უწყებაში შესვლამდე თამაზ ხომასურიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოკითხვაზე მისი დაბარების მიზეზი მის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადება გახდა იმის თაობაზე, რომ არსებობს დაჯგუფება „თეთრი ისარი", რომელმაც მას გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მიხედვითაც, „შაქარაშვილის ბიძას ფული აქვს აღებული".
ხომასურიძე შსს-ში ადვოკატ გიორგი გელხაურთან ერთად მივიდა.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია ბრალდებული. მათგან სამი არასრულწლოვანი, სიცრუის დეტექტორის საშუალებით დაკითხვას მოითხოვს. მათ შორის, ორ არასრულწლოვანს, ზ.ხ.-ს და ა.ქ.-ს გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ გაეშურნენ.
გამოძიების ვერსიით, 19 ივნისის ღამეს, სწორედ „ტოიოტა კამრის“ მგზავრებმა სდიეს გიორგი შაქარაშვილის მდინარე არაგვის ნაპირამდე, მას სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში გადააგდეს, სადაც ის ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. „კამრის“ ხუთ მგზავრს, მათი შორის, ორ არასრულწლოვანს, გამოძიებამ ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმა და მათ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენა.
არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით კი, საქმის მასალებში, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობას დაადასტურებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30797109.html
#ახალი_ამბები
#twitter