თუ ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლო გაამტყუნებს გერმანია რუსეთს სანქციებს დაუწესებს

Tbilisi Daily

გერმანია ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად რუსეთს სანქციებს დაუწესებს, თუ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი გერმანიის მთავრობაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. „ბერლინი რუსეთის წინააღმდეგ ახალი შემზღუდავი ზომების დაწესებას გეგმავს. სამთავრობო წრეებში აცხადებენ, რომ ბერლინში მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად ახალი სანქციების დაწესება გახდება საჭირო“, - წერს გამოცემა Der Spiegel-ი. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადება მომავალი წლის მარტშია დაგეგმილი. პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია. Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ. 2020 წლის აგვისტოს ბოლოს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კრასიკოვს თანამზრახველი ჰყავდა და ის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სპეცდანაყოფ „ვიმპელის“ ყოფილი ოფიცერი რომან დემიანჩენკოა.